ტრამპი: "მოსკოვში ახლა ხარხარებენ. ჭკვიანურად იმოქმედე, ამერიკა!" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "მოსკოვში ახლა ხარხარებენ. ჭკვიანურად იმოქმედე, ამერიკა!"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებას გამოეხმაურა.

"თუ რუსეთის მიზანი აშშ-ში განხეთქილების, დესტრუქციისა და ქაოსის შექმნა იყო, მაშინ საკომიტეტო მოსმენების, გამოძიებებისა და პარტიული სიძულვილის ჩათვლით, მათ იმაზე მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე ელოდნენ. მოსკოვში ახლა ხარხარებენ. ჭკვიანურად იმოქმედე, ამერიკა!" - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე" რუსეთის იმ 13 მოქალაქის სიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც აშშ-მ ოფიციალური ბრალდება წაუყენა.

მან ასევე გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ტრამპი შეცდა, როცა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩაურევლობაზე საუბრობდა.

"არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა. მე ვთქვი - ეს შეიძლება იყოს რუსეთი, ჩინეთი ან სხვა ქვეყანა, ან ჯგუფი, ან ვინმე გენიოსი, რომელიც საწოლზე ზის და კომპიუტერთან თამაშობს. ტყუილია ის, რომ ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის გარიგება მოხდა - ეს არ ყოფილა!" - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ს იუსტიციის ორგანოებმა რუსეთის 13 მოქალაქეს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო. გარდა ამისა, საბრალდებო ოქმში დასახელებულია კიდევ სამი იურიდიული პირი: ინტერნეტ კვლევების სააგენტო, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი "კონკორდ მენეჯმენტი და კონსალტინგი" და ასევე მასთან დაკავშირებული "კონკორდ კეიტერინგი".

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათ ადანაშაულებენ თაღლითობაში, "შეთქმულებაში თაღლითობის მიზნით საბანკო მაქინაციებისთვის მონაცემთა გადაცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებაში", ასევე "პერსონალურ მონაცემთა მიტაცებაში დამამძიმებელი გარემოებებით".

"ინტერპრესნიუსი"