არგენტინაში, რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს - კვირის პალიტრა

არგენტინაში, რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს

არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Infobae იუწყება. კოკაინი 12 ჩანთაში ინახებოდა. აღნიშნულ საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავეს.

რუსეთისა და არგენტინის შესაბამისი უწყებების ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ორი პირი არგენტინაში, ხოლო ოთხი რუსეთში დააკავეს. ნარკოტიკები ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამბავი მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი პატრისია ბულრიჩი საქმის დეტალების გაჟღერებას პრესკონფერენციაზე გეგმავს.

2016 წლის 14 დეკემბერს არგენტინაში რუსეთის ელჩმა ვიქტორ კორონელიმ არგენტინის უსაფრთხოების სამინისტროს შეატყობინა, რომ არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში დიპლომატიური ბარგი აღმოაჩინეს საეჭვო ნივთიერებით. მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაადგინა, რომ ეს კოკაინი იყო, ის ფქვილით ჩაანაცვლეს და ბარგში GPS სისტემა დააყენეს და რუსეთში მის გადაგზავნას შეფერხება არ შეუქმნეს.

ერთობლივი გამოძიების ფარგლებში რუსეთში 2017 წლის ბოლოს ოთხი პირი დააკავეს, ვისაც ამ ბარგის წაღება სურდა. ერთ-ერთი მათგანი არგენტინაში რუსეთის საელჩოს ყოფილი არადიპლომატი თანამშრომელი იყო. მას ბრალად ედება დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე კოკაინით სავსე 12 ჩანთის შეტანა.

"ინტერპრესნიუსი"