"სპარტაკისა" და "ატლეტიკის" გულშემატკივრების დაპირისპირებას პოლიციელი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"სპარტაკისა" და "ატლეტიკის" გულშემატკივრების დაპირისპირებას პოლიციელი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, სტადიონზე, საფეხბურთო მატჩამდე მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება საფეხბურთო გუნდების - მოსკოვის "სპარტაკისა" და ადგილობრივი "ატლეტიკის" გულშემატკივრებს შორის მოხდა.

გამოცემა "ელ მუნდოს" ცნობით, პროვოცირება რუსეთის გუნდის გულშემატკივრებმა მოახდინეს. მათ მოწინააღმდეგე გუნდის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეტაკება თამაშის დაწყებამდე მოხდა. დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"