"ცხედარს კისერზე თოკის კვალი აღენიშნება" - კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება ბრიტანეთში - კვირის პალიტრა

"ცხედარს კისერზე თოკის კვალი აღენიშნება" - კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება ბრიტანეთში

ლონდონში, "აეროფლოტის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე,  გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი, ნიკოლაი გლუშკოვი გარდაცვლილი ოპოვეს. როგორც ჩანს, ბრიტანელ სამართალდამცავებს კიდევ ერთი საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების მიზეზების ძებნაზე მოუწევთ მუშაობა. ლონდონის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

მომხდარის შესახებ  ინფორმაცია "ფეისბუკში", გაზეთ "ვედომოსტის" მფლობელმა დემიან კუდრიავცევმა გაავრცელა. მოგვიანებით, ეს ამბავი უკვე გლუშკოვის ადვოკატმა ანდრეი ბოროვკოვმა "რია ნოვოსტის" დაუდასტურა.

მედიაში გავრცელებული ინფორმციით, გლუშკოვის კისერზე თოკის კვალი ნახეს, თუმცა ეს მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც ირკვევა, ნიკოლაი გლუშკოვის ცხედარი მისმა ქალიშვილმა ნატალიამ ლონდონის გარეუბანში მდებარე, მათსავე ბინაში იპოვა.

ვინ იყო ნიკოლაი გლუშკოვი?

ნიკოლაი გლუშკოვი ცნობილი რუსი ოლიგარქის ბერეზოვსკის პარტნიორი და ახლო მეგობარი გახლდათ. გასული საუკუნის 1990-იანი წლების დასაწყისში ის იყო კომპანია "ЛогоВАЗ"-ის გენერალური დირექტორი, რომელიც ბორის ბერეზოვსკის მიერ იყო შექმნილი. 1996 წელს მან დაიკავა "აერფლოტის" დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ოთხი წლის შემდეგ კი გლუშკოვი დააკავეს. სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც, ფაქტობრივად, უკვე მოხდილი ჰქონდა. ამის  შემდეგ მან დატოვა რუსეთი და გადავიდა საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 

2017 წლის მარტში მოსკოვის სასამართლომ მის წინააღმდეგ ახალი - "აეროფლოტიდან" 122 მილიონი დოლარის დატაცების საქმე განიხილა და გლუშკოვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ცნობით, 90-იან წლებში ბორის ბერეზოვსკიმ "აეროფლოტის" ხელმძღვანელობაში ფაქტობრივად, საკუთარი ლობი შექმნა, სადაც მის კონტროლქვეშ არსებული სტრუქტურებიდან ადამიანები ჩანერგა. მათ შორის იყვნენ "აეროფლოტის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გლუშკოვი, გენდირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში ალექსანდრ კრასნენკერი და სხვები. მათი დახმარებით მიღებული იყო რიგი გადაწყვეტილებებისა სახსრების განთავსებისა და კრედიტების აღებაზე შვეიცარიის ფირმებისგან, რომლებიც ბერეზოვსკისა და გლუშკოვს ექვემდებარებოდნენ, რის შედეგადაც, გაიტაცეს 200 მილიონი რუბლი.

აღსანიშნავია, რომ როდესაც 1999 წელს, რუსეთის გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა "აეროფლოტის" ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ბრალი გლუშკოვთან ერთად წარედგინა ბორის ბერეზოვსკისაც, თუმცა ამ უკანასკნელს ბრალდება მალევე მოეხსნა.

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოყვანის საქმეში უდიდესი როლის შესრულების მერე ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში რუსეთის ლიდერთან დაპირისპირების შემდეგ 2000 წელს ჩავიდა. მომდევნო წლებში იგი კრემლს სასტიკად აკრიტიკებდა. 2013 წელს ბერეზოვსკის ცხედარი შუადღისას მისმა თანამშრომელმა სახლის აბაზანაში ჩაკეტილი კარის გახსნის შემდეგ იპოვა. ბერეზოვსკიც ლონდონის გარეუბანში ცხოვრობდა და დღემდე არსებული ინფორმაციით, ისიც ჩამომხვრჩალი ნახეს. საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანელმა დეპუტატებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ამბერ რადს მიმართეს და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბოლო წლებში მომხდარი საეჭვო (თუ მოულოდნელი) სიკვდილის 14 ფაქტის საფუძველზე აღძრული საქმეების საგულდაგულო გამოძიება მოითხოვეს. ბრიტანელმა დეპუტატებმა ეს განცხადება რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით გააკეთეს.

ვინ არიან ამ 14 საქმის ფიგურანტები? - ბორის ბერეზოვსკი, ბადრი

პატარკაციშვილი, ალექსანდრ პერეპელიჩნი, იგორ გოლუბევი, იგორ პონომარევი, სკოტ იანგი, სტივენ კერტისი და სხვები. სავარაუდოდ, ამ სიას ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალებაც მიემატება... (წყარო)

იხილეთ ასევე: უბედურ შემთხვევად გასაღებული მკვლელობა? - რატომ ითხოვენ ბრიტანელი დეპუტატები პატარკაციშვილის სიკვდილის გამოძიებას?