"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა შეიძლება ასწავლო მოკვლა" - კვირის პალიტრა

"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა შეიძლება ასწავლო მოკვლა"

"მოსადი" - ლეგენდები და სინამდვილე მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურზე

ისრაელის სადაზვერვო სამსახური "მოსადი", როგორც ისრაელის სხვა სპეცსამსახურები, საიდუმლო ორგანიზაციაა, თითქმის მითიური. ისრაელის დაზვერვაზე ლეგენდებს თხზავენ. ის აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან (CIA), ბრიტანულ MI-6-თან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან (СВР) ერთად მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ეფექტური სპეცსამსახურების სიაში შედის.

პატარა ისრაელში დიდ პატივს სცემენ თავიანთ სპეცსამსახურებს. წარმოუდგენელია, რომ ვინმე აგდებულად საუბრობდეს მათზე. "თუ შენ პატარა ტერიტორია გაქვს, შენ თვითონ უნდა შექმნა ოპერატიული სივრცე, რომელიც საჭირო ტერიტორიის ნაკლებობის კომპენსირებას მოახდენს. ამიტომაც გვჭირდებოდა ჩვენ კარგი და ძლიერი დაზვერვა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მეირ ამიტმა, რომელიც "მოსადის" დირექტორი გახლდათ 1963-1968 წლებში.

ფოტოგალერეა

ადამიანი, რომელიც ისრაელის დაზვერვის პირველი ხელმძღვანელი გახდა, ძველი იერუსალიმის ორთოდოქსალურ უბანში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი რაბინი იყო და რა თქმა უნდა, სურდა, მისი შვილიც რაბინი გამხდარიყო. საუბარია რეუვენ შილოაჰზე - ადამიანზე, ვინც ისრაელის დაზვერვა შექმნა. თავდაპირველად "მოსადი" განლაგებული იყო თელ-ავივში, ბენ იუდას ქუჩაზე მდებარე პატარა ორსართულიან სახლში, შესავლელ კარზე პატარა წარწერით: "საკონსულტაციო მომსახურებები".

რეუვენ შილოაჰი

პირველი აღიარება

...ისრაელის პირველ პრემიერ-მინისტრს დავიდ ბენ-გურიონს არჩევანი გაკეთებული ჰქონდა: ის ისრაელს აშშ-სა და დასავლეთის მოკავშირედ ხედავდა. საამისოდ მას სჭირდებოდა შანსი, რათა დაემტკიცებინა, რომ ისრაელი სანდო პარტნიორი და მოკავშირეა. ამაში მას დაეხმარნენ ებრაელი წარმოშობის ახალგაზრდა პოლონელი ჟურნალისტი და "მოსადის" აგენტები, რომლებმაც იღბალი ხელიდან არ გაუშვეს. შემდგომში, "მოსადის" ამ ოპერაციას "XX საუკუნის ყველაზე გახმაურებულ გაჟონვას" უწოდებენ. ამ ოპერაციის შემდეგ ისრაელის ახალგაზრდა სპეცსამსახური, "მოსადი" მსოფლიოს აღიარებას მიიღებს.

ეს ისტორია 1956 წლის 25 თებერვალს დაიწყო. სსრკ-ს კომუნისტური პარტიის მე-20 სხდომის ბოლო დღე. ნიკიტა ხრუშჩოვმა უცხოელ სტუმრებსა და პრესას სხდომის დატოვება მოსთხოვა. ის მოხსენებით გამოვა სტალინის კულტის შესახებ. ებრაული წარმოშობის პოლონელი ჟურნალისტი ვიქტორ გრაევსკი იხსენებს: "პოლონეთში გავიგე, რომ ამერიკელები ნიკიტა ხრუშჩოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტისთვის 1,5 მილიონ აშშ დოლარს იძლევიან და ამ დოკუმენტის ხელში ჩაგდება სურთ".

ვიქტორ გრაევსკი იმ დროს პოლონეთის პრესის სააგენტოში სსრკ-ს განყოფილების მთავარი რედაქტორი იყო. "მე მყავდა მეგობარი გოგო, ლუცია ბარანოვსკაია, რომელიც პოლონეთის გაერთიანებულ მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში პარტიის გენერალური მდივნის რეფერენტად მუშაობდა" - იხსენებს გრაევსკი. აქედან გამომდინარე, გრაევსკის თავისუფალი წვდომა ჰქონდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში. ერთ მშვენიერ დღეს მან თავის მეგობარ გოგოს სამსახურში მიაკითხა და შემთხვევით დაინახა მის სამუშაო მაგიდაზე წითელი ბროშურა, რომელსაც რუსულ ენაზე ეწერა: "Совершенно секретно". ეს ხრუშოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ეგზემპლარი იყო, განკუთვნილი პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის გენერალური მდივნისთვის. ლუცია ბარანოვსკაიას არც კი ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტი ედო სამუშაო მაგიდაზე. ამიტომაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რამდენიმე საათით ეს დოკუმენტი თავის მეგობარს, ვიქტორ გრაევსკის გაატანა.

ვიქტორ გრაევსკი

"ვიცოდი, რომ ყველას სურდა ამ მოხსენების ხელში ჩაგდება, გაეგოთ თუ რა ეწერა მანდ. შემეძლო წავსულიყავი ამერიკელებთან და 1,5 მილიონი აშშ დოლარი ამეღო, მაგრამ გადავწყვიტე ისრაელის საელჩოში წასვლა" - იგონებს პოლონელი ჟურნალისტი, რომლის მშობლები იმ დროისთვის უკვე ისრაელში ცხოვრობდნენ, თვითონაც აპირებდა საცხოვრებლად ისრაელში გადასვლას და ამ დოკუმენტის ისრაელისთვის გადაცემა, მშვენიერი საჩუქარი იქნებოდა მისი მომავალი სამშობლოსთვის...

ისრაელის საელჩოში ვიქტორ გრაევსკი ნიკიტა ხრუშოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ასლს ვინმე ბარმორს გადასცემს ("მოსადის" ოფიცერი), რომელიც შემდგომში დაუყოვნებლივ გაემგზავრება ვენაში, სადაც აღნიშნულ დოკუმენტს ისრაელის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს ამას მანორს გადასცემს. ისრაელის ხელისუფლებამ არ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი. მათ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს: ნიკიტა ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენება აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA) გადასცეს. ამით ისრაელმა სსრკ-სთან ურთიერთობა არ გაიფუჭა და ამავდროულად აშშ-სთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობებს საძირკველი ჩაუყარა.

გრაევსკი იგონებს: "ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან ვიღაც დაბალი მამაკაცი მოვიდა, რომელიც ჩემთან ცოტათი ივრითზე და ცოტათი პოლონურ ენაზე საუბრობდა. მან მითხრა: "ბატონო გრაევსკი, ჩვენ არ დავივიწყებთ თუ რა გააკეთეთ ისრაელის სახელმწიფოსთვის". ჯილდოს სახით, მან გულის ჯიბიდან კალამი გამოიტანა და გადმომცა. თუ არ ვცდები, "მონბლანის" კალამი იყო".

ჟურნალისტს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს დაბალი მამაკაცი, ხელში "მონბლანის" კალმით, ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი - "მოსადის" ლეგენდარული დირექტორი, ისერ ჰარელი იყო.

"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა მიუხედავად ამისა, შეიძლება ასწავლო მოკვლა"

"მოსადის" ხელმძღვანელობის გარდა, ისერ ჰარელი ასევე ხელმძღვანელობდა ისრაელის კონტრდაზვერვას, "შინ-ბეთს" და უშიშროების სფეროში განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობდა. მას მხოლოდ ორი უფროსი ჰყავდა: ისრაელის პრემიერ-მინისტრი დავიდ ბენ-გურიონი და ღმერთი!

მიუხედავად იმისა, რომ "მოსადის" პირველი დირექტორი რეუვენ შილოაჰი იყო, რომლის დროსაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია, "მოსადი" მსოფლიო ბრენდად ზუსტად რომ ისერ ჰარელმა აქცია. ისერ ჰარელის "მოსადში" მოსვლის დროს პერსონალი სამ ოთახში იყო განლაგებული. თანამდებობის დაკავების შემდეგ ისერ ჰარელმა დავიდ ბენ-გურიონს ბიუჯეტის ათმაგად გაზრდა მოსთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო პრემიერ-მინისტრისგან. მან "მოსადის" ძირეული სტრუქტურული გარდაქმნა მოახდინა. მის დროს შეიქმნა აგენტების მომზადების სპეციალური სკოლა და მომავალი თანამშრომლების სელექციის მკაცრი სტანდარტები დაწესდა.

ისერ ჰარელი

"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა მიუხედავად ამისა, შეიძლება ასწავლო მოკვლა" - ამბობდა ჰარელი, რომელიც "მოსადის" როლს შემდეგნაირად ხედავდა: "ჩვენ ირგვლივ მტრები არიან, რომლებიც რიცხობრივად აღგვემატებიან. ამიტომაც, იძულებულნი ვართ ჩვენი დაზვერვა რაც შეიძლება წინ წავწიოთ. ის ჩვენ როგორც ერთგვარი გრძელი ხელი გვემსახურება და დროისა და სივრცის კომპენსირებაში გვეხმარება".

"მოსადის" ლეგენდარული ოპერაცია - 20 წამი, რომელმაც 1960 წელს მსოფლიო შეძრა

"მოსადის" ოპერაცია, რომელმაც ისერ ჰარელს მსოფლიო აღიარება მოუტანა და ლეგენდად აქცია და რომელსაც ის პირადად კურირებდა, 1960 წლის 11 მაისს არგენტინაში, ქალაქ ბუენოს აირესში განხორციელდა.

გასული წლის 11 მაისს, როცა პირადად ვიმყოფებოდი არგენტინაში, გავიფიქრე: "დროის მანქანა რომ არსებობდეს, აუცილებლად გადავინაცვლებდი 1960 წლის 11 მაისს, სან ფერნანდოში (ბუენოს-აირესის პროვინცია), ზუსტად ამ ადგილას, გარიბალდის ქუჩაზე, რათა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უპრეცედენტო და უნიკალური სპეცოპერაციის მოწმე გამვხდარიყავი, რომლის შემსრულებელი "მოსადი" იყო".

...1960 წლის 11 მაისი. ქ. სან ფერნანდო (28 კმ ბუენოს აირესიდან). 20:05 საათი. გარიბალდის ქუჩისა და 202 ნომერი გზის გზაჯვარედინზე მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე, 203-ე ნომერი ავტობუსიდან ვინმე რიკარდო კლემენტე ჩამოვა, სინამდვილეში კი Waffen-SS-ის ობერშტურმბანფიურერი (ფაშისტურ გერმანიაში ესესელების ოფიცრის წოდება), ჰოლოკოსტის არქიტექტორი, ადოლფ აიხმანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, წლებია არგენტინაში იმალება.

ავტობუსის გაჩერებიდან სახლისკენ მიმავალი, გარიბალდის ქუჩაზე რამდენიმე ათეულ მეტრს გაივლის, როდესაც ტროტუარზე გაჩერებული და ვითომ გაფუჭებული მანქანის ირგვლივ მყოფი მამაკაცებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, "მოსადის" აგენტი პიტერ მალკინი, ესპანურად მიმართავს: Un momentito, señor. ამ ფრაზის წარმოთქმიდან ადოლფ აიხმანის დაკავებამდე 20 წამი გავა. ის 20 წამი, რომელიც 1960 წელს მსოფლიოს შეძრავს.

ადოლფ აიხმანს კონსპირაციულ ბინაში გადაიყვანენ, სადაც "მოსადის" აგენტებს ის 9 დღის განმავლობაში ეყოლებათ დამწყვდეული. ისინი საბოლოოდ მიიღებენ მტკიცებულებებსა და აღიარებას, რომ პირი, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ და რომელიც უშუალოდ კურირებდა 6 მილიონი ებრაელის ფიზიკურ განადგურებას, რეალურად ადოლფ აიხმანია.

20 მაისს, აიხმანი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და ყალბი დოკუმენტებით (როგორც ისრაელის ავიახაზების პილოტი) არგენტინის ტერიტორიიდან გაიყვანეს. 22 მაისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი დავიდ ბენ გურიონი გამოაცხადებს, რომ ადოლფ აიხმანი ისრაელშია და მართლმსაჯულებას გადაეცემა.

ეს იყო "მოსადის" პირველი მასშტაბური და უნიკალური ოპერაცია და ერთგვარი მესიჯი, რომ ისრაელის სახელმწიფო თავისი მტრების დასჯაში მხოლოდ თავისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება, რაც დამტკიცდა მომდევნო წლებში, "მოსადის" მიერ ჩატარებული არაერთი უპრეცედენტო ოპერაციების ფარგლებში. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!"