"დედას უთხარი, რომ მე ის მიყვარს" - კემეროვოში ხანძარს შეწირული ბავშვების სულისშემძვრელი გზავნილები
"დედას უთხარი, რომ მე ის მიყვარს" - კემეროვოში ხანძარს შეწირული ბავშვების სულისშემძვრელი გზავნილები
"ვიწვით, შესაძლოა, ეს დასასრულია, მშვიდობით", - ეს არის უკანასკნელი მესიჯი 13 წლის მაშასგან, რომელიც საგაზაფხულო არდადეგების დაწყებას მეგობრებთან ერთად კინოთეატრში აღნიშნავდა, ალბათ იყო ბევრი ხალისი, მოზარდების მხიარული შეძახილები, ერთად ყოფნის სიხარული, მაგრამ... მაშა დაიღუპა, ერთ-ერთი ინფორმაციით, ის საავადმყოფომდე ცოცხალი მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს...

25 მარტს რუსეთში ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო - გასართობ ცენტრში "Зимняя вишня" ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. დაღუპულთა შორის 40-მდე
ბავშვია.
ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით 10-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ხანძრის შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ დაცვის თანამშრომელმა შეტყობინების სისტემა გამორთო. მისი მოტივი უცნობია. დაცვის თანამშრომელს, რომელმაც, გამოძიების მონაცემებით, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შესახებ შეტყობინების სისტემა გათიშა, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საინფორმაციო საშუალებებს თვითმხილველებმა შეატყობინეს,
რომ დაცვის წევრებმა, ხანძრის გაჩენის შემდეგ სპეციალურად ჩაკეტეს მეოთხე სართულიდან ჩამოსასვლელი კარი, ისინი ბავშვებს ქვემოთ სპეციალურად არ უშვებდნენ.

რუსული საინფორმაციო გამოცემების მიხედვით, სავაჭრო-გასართობი ცენტრის კინოთეატრში, დღის სეანსზე მასწავლებლებს 12 წლის სკოლის მოსწავლეები ჰყავდათ წამოყვანილი, ისინი საგაზაფხულო არდადეგების დაწყენას აღნიშნავდნენ. ხანძრის გაჩენისას ბავშვები ფილმის სეანსზე იყვნენ, ისინი დარბაზიდან ვერ გამოდიოდნენ. როგორც 12 წლის ვიკას დეიდა ყვება, მას გოგონამ დაურეკა:

"ყველაფერი იწვის, კარი ჩაიკეტა, ვეღარ ვსუნთქავ, დედას უთხარი რომ მიყვარს, ყველას უთხარი, რომ მე ისინი ძალიან მიყვარს", - ამ ფრაზის შემდეგ ტელეფონი გაითიშა, ვეუბნებოდი, გაიხადე ტანსაცმელი და სახეზე მიიფარე სუნთქვა რომ შეძლო-თქო, თუმცა არ ესმოდა, ყურმილი რომ გაითიშა, ისევ ვრეკავდი, ზარი გადიოდა, თუმცა არავინ მპასუხობდა" - ვიკას დეიდა.

ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო გვერდის წყაროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, თუმცა სამართალდამცავებს ბრძანება აქვთ მიღებული, რომ ზუსტი რიცხვი არ დაასახელონ.

"ინტერფაქსის" ცნობით, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში მაშველებმა სავაჭრო-გასართობი ცენტრიდან 250-მდე ადამიანი გამოიყვანეს. დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ცენტრის მეოთხე სართულზე კინოთეატრში აღმოაჩინეს. რადგანაც საევაკუაციო სისტემა არ ამუშავდა, კინოსეანსზე მყოფმა სტუმრებმა ხანძრის შესახებ თანამშრობლებისგან შეიტყვეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხტება ხალხი ცეცხლმოკიდებული შენობის ფანჯრებიდან.

11 წლის ბიჭი, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა მამამ ფანჯრიდან გადმოაგდო, მძიმედაა. მისი ოჯახის წევრები -  მშობლები და უმცროსი და დაიღუპნენ. (წყარო)

იხილეთ ასევე: ვინ არის რუსეთში ხანძრის დროს დაღუპული ტატიანა დარსალია, რომელიც ბავშვების გადარჩენას ცდილობდა?

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
მარი
29 მარტი 2018 13:37
7 წელი კი არა სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ მინიმუმ დაცვის იმ წევრს ვინც განზრახ გამორტო შეტყობინებინების სიგნალი და არ მისცა გადარჩენის საშუალება და ცოცხლად დაწვა ამდენი უდანაშაულო ბავშვი და ადამიანი...რომელი სასჯელი ეყოფა მის ამ დანაშაულს?
nnn
28 მარტი 2018 14:43
უდიდესი ტრაგედიაა (((((((
ნენე
27 მარტი 2018 17:01
ღმერთო ცუდად ვარ ვაიმე შვილებოოოოო რატომ,ვაიმე

რუბრიკის სხვა სიახლეები