"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე" - კვირის პალიტრა

"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

პატარა დარინა გასართობ ცენტრში დედამ - ირინამ მიიყვანა. ბავშვი მეოთხე სართულზე მეგობრებთან ერთად დატოვა, ამ სართულზე იყო განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინოთეატრი.

"ყველანი ერთად ვისხედით, შემდეგ ცეცხლი დავინახეთ, შემდეგ გვითხრეს, რომ შენობიდან უნდა გავსულიყავით, ჩვენ მშვიდად ვიქცეოდით, ცეცხლი ბატუტების ოთახში გაჩნდა, ბატუტზე ორი ბიჭი ხტუნავდა", - იხსენებს დარინა.

"ბავშვი დავტოვე და საყიდლებზე გავედი, მეორე სართულზე ვიყავი, როცა აყვირდნენ ხანძარიაო, გავიქეცი ბავშვის წამოსაყვანად, თუმცა ბევრი ხალხი იყო და ზემოთ არ გვიშვებდნენ",  - ჰყვება დარინას დედა.

დაბადების დღის ცენტრში მყოფი ბავშვების მეოთხე სართულიდან გამოყვანა იქ დარჩენილმა მშობლებმა მოახერხეს, მათ გაუმართლათ, განსხვავებით ერთ-ერთ კინოსდარბაზი მყოფი ბავშვებისგან, რომლის კარიც დაკეტილი იყო.

როგორც პატარა გოგონას დედა იხსენებს, საავარიო სიგნალიზაცია არ ჩაირთო, ამიტომ ინფორმაცია, თითქოს ხანძარი გაჩნდა, თავიდან ბოტორი ხუმრობა ეგონათ.

"თავიდან მეგონა რომ იხუმრეს, სკოლის მოსწავლე გოგონებმა დაინახეს, როგორც გაუჩნდა ცეცხლი ბატუტს, რომელზეც ბავშვები თამაშობდნენ. თავდაპირველად ბავშვებს ეგონათ, რომ ეს სპეცეფექტების ნაწილი იყო", - იხსენებს ირინა

ანდრეი ნიკულინი სავაჭრო ცენტრში დასთან - ჟენიასთან, მეუღლესთან, 69 წლის დედასთან და 10 წლის ვაჟთან ერთად მივიდა:

"ცენტრში ოჯახის წევრები მეუღლესთან ერთად მოვიყვანე. მოვილაპარაკეთ, რომ დედაჩემი, ჩემი და ჩემი ბიჭი კინოთეატრში მულტფილმის საყურებლად შევიდოდნენ, სეანსის დამთავრების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე მივაკითხავდით, მანამდე კი მაღაზიებში გასვლასაც მოვასწრებდით.

ისინი კინოში შევიდნენ... ჩვენ უკვე პირველ მაღაზიასთან მიახლოებისას, გავიგეთ ყვირილი, - ხანძარი გაჩნდაო, კაცები მაშინვე კინოთეატრისკენ გავიქეცით, იქ ჩვენი შვილები და ოჯახის წევრები გვეგულებოდნენ. ბევრი ხალხის გამო მეოთხე სართულზე ვერ ავდიოდით. მეხანძრეები 20 წუთის განმავლობაში შენობაში დადიოდნენ და ხანძრის კერას ადგენდნენ, ამ დროს ჩვენ ვთხოვდით, რომ კინოთეატრში წასულიყვნენ და ბავშვები გადაერჩინათ. როგორც მათ განაცხადეს - ინტრუქციის მიხედვით მოქმედებდნენ.

ტელეფონზე რომ დავრეკე ჩემმა დამ მითხრა "ანდრეი, ჩვენ..." და ვეღარ გააგრძელა, დედამ კი ტელეფონში მითხრა, - ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა...

ჩემთვის ყველაზე რთული იმის გააზრებაა, რომ ჩემი ოჯახის გადარჩენა ვერ მოვახერხე, ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე, ტელეფონში მესმოდა როგორ იღუპებოდნენ", - იხსენებს საშინელ ამბავს რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან ანდრეი ნიკულინი

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართული ბავშვების საყვარელი ადგილი იყო, აქ იყო განთავსებული სხვადასხვა ატრაქციონი, ბატუტის ოთახი, პატარა ზოოპარკი და კინოთეატრი. უფროსები ბავშვებს ყოველთვის მეოთხე სართულზე ტოვებდნენ, თავად კი ქვედა სართულებზე ან ბოულინგის სათამაშოდ მიდიოდნენ ან საშოპინგოდ სხვადასხვა მაღაზიას სტუმრობდნენ.

სავაჭრო ცენტრის შენობაში წარსულში საკონდიტრო ქარხანა იყო განთავსებული. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ქარხნის დახურვის შემდეგაც კი ქუჩაში ტკბილეულის სურნელი გამოდიოდა. შენობის გადასაკეთებლად დიდხნიანი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, აქ გასართობი ცენტრი მალევე მოაწყვეს.

"ეს იგივეა, რაც ციხის ადგილას სკოლა ააშენონ", - ამბობენ დღეს ადგილობრივები. ქარხნის შენობა არ იყო ისე გამართული, რომ მას ყოველდღიურად ამდენი ადამიანი მიეღო. განსაკუთრებით კი მეოთხე სართული იყო გადატვირთული, სადაც გაჩნდა ხანძარიც.

არსებობს რამდენიმე ვერსია, ზოგიერთის აზრით, გაურკვეველი მიზეზის გამო ცეცხლი ბატუტის ოთახში გაჩნდა და შემდეგ მთელს შენობას მოედო, ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოკლე ჩართვის შედეგია. სამი კინოდარბაზიდან ორში ამ დროს მულტფილმები გადიოდა, ერთ- ერთი დარბაზის კარი ჩაკეტილი იყო, ამბობენ, რომ თანამშრომლებმა დარბაზის კარი ჩაკეტეს, რადგან სეანსზე უბილეთო მაყურებლები არ შეპარულიყვნენ. მეორე ვერსიის თანახმად, სეანსზე შესული სკოლის ბავშვები მასწავებელმა ჩაკეტა, თავად კი საყიდლებზე გავიდა.

ამ დრომდე გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხანძარი სავაჭრო-გასართობ ცენტრში. მთელი ქალაქი გლოვობს დაღუპულთა გამო, მათ სავაჭრო - ცენტრის წინ ყვავილები, ბუშტები და სათამაშოები მიაქვთ. სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა, შენობიდან ისევ გამოაქვთ დაღუპული ადამიანების ცხედრები.

სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი პალინა ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტს უმხელს, რომ, სავარაუდოდ, დაღუპულთა ზუსტ რიცხვს არ ასაჯაროებენ, ის დარწმუნებულია, რომ მეოთხე სართულზე უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა. ამბობს, რომ სართულზე ამ დროს უამრავი ბავშვი იყო, ისინი მეზობელი ქალაქებიდან ავტობუსებით მოვიდნენ, რადგან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ ვერ მოახერხეს დაცვის წევრებმა ბავშვების გამოყვანა, რადგან ცენტრში დაცვის რამდენიმე კომპანია მუშაობდა, გაურკვეველია ისიც, რატომ არ მივიდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე და 40 წუთის განმავლობაში რატომ არ ჩამოიყვანეს შენობის სახურავიდან ხანძარს გაქცეული ადამიანები. (წყარო)

"ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულები მოინახულა. როგორც ცნობილია ხანძრისას 64 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: "დედას უთხარი, რომ მე ის მიყვარს" - კემეროვოში ხანძარს შეწირული ბავშვების სულისშემძვრელი გზავნილები

თარგმნა ეკა გადახაბაძემ