კემეროვო. 25.03.18. - კვირის პალიტრა

კემეროვო. 25.03.18.

"ჩვენი ქვეყანა "ზიმნაია ვიშნიაა", ჩვენ კი მასში - კონტაქტური ზოოპარკი"

როგორც დადგენილია, ხანძარი ოთხსართულიან შენობაში 25 მარტს, დაახლოებით 16 საათზე გაჩნდა. ხანძრის კერა წარმოიშვა ზემო სართულზე, სადაც იყო სამი კინოთეატრი, კონტაქტური ზოოპარკი და ბავშვთა სათამაშო ზონები ატრაქციონებით. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 64 ადამიანი, მათ შორის - 41 ბავშვი. რუსეთმა 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა. იმავე დღეს რუსეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ სავაჭრო-გასართობ ცენტრ "ზიმნაია ვიშნიაში" ნაპოვნია ყველა დაღუპულის ნეშტი: "სულ დაიღუპა 64 ადამიანი. სხვა მონაცემები ჩვენ არ გვაქვს. უგზო-უკვლოდ დაკარგულები არ არიან!"

ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დღემდე კემეროვოს საავადმყოფოებშია 14 დაზარალებული, 65 კი ამბულატორიულად მკურნალობს... ხანძართან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის - კემეროვოს ოლქში სახელმწიფო მშენებლობათა ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი.

"ჩემთვის სულერთია, ვის დასჯიან... დამიბრუნეთ ჩემი შვილები!.."

25 მარტის საღამოს იანა და დიმიტრი ალიმოვები აბანოში აპირებდნენ წასვლას. მანამდე იანამ სამი ბავშვი - თავისი 6 წლის ქალიშვილი ულიანა და მეგობრების შვილები - 5 წლის სვეტა და 9 წლის ეგორი "ზიმნაია ვიშნიაში" მულტფილმ "შერლოკ გნომსის" სანახავად მიიყვანა. 16 საათზე მეუღლეს კინოდარბაზიდან დაურეკა...

"დარბაზი ჩაკეტილი იყო, ბავშვები წიოდნენ, გვიშველეთო, - ჰყვება დიმიტრი, - მე მახლობელ ქალაქში ვიყავი და 27 წუთში ჩავედი. სულ წითელზე ვიარე, მეგონა, მივასწრებდი. გზიდან ეგორის მამას, ედუარდს, ვურეკავდი... ედუარდი "ზიმნაია ვიშნიასთან" 16.40 სთ-ზე მივიდა, როცა შენობიდან კვამლი ამოდიოდა. გზა ჯერ ჩაკეტილი არ იყო. მანქანა დავაყენე და შენობასთან მივვარდი. იქ უკვე იდგნენ სხვა მშობლებიც, თუმცა შიგნით არავის უშვებდნენ. პოლიციელმა ხელი მტაცა. ვყვირი: "იქ ჩემი შვილები არიან!.." მოვახერხე და კინოდარბაზის კარამდე მივაღწიე. მეხანძრეები მეუბნებიან, თუ შეხვალ, ვეღარ გამოხვალო. ვეკითხები, თქვენ რატომ არ შედიხართ-მეთქი? დაკვამლიანების გამო აღარაფერი ჩანსო, მპასუხობენ. მაშინ შეუშვით რობოტი, ან ღამის ხედვის ხელსაწყოები იშოვეთ, გააკეთეთ რამე-მეთქი, ვყვირი...

მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი. ქუჩაში გავვარდი და სხვა შესასვლელის ძებნა დავიწყე. ედუარდი დაფაზე ცარცით დახატულ სავაჭრო ცენტრის სქემას აყოლებს ხელს."ვხედავ, ქალს ბავშვები ურეკავენ: "გვიშველეთ, კარს ვერ ვაღებთ, ვიხრჩობით..." ქალი დარბის, კივის, პოლიციელებს ესხმის, მაგრამ არ უშვებენ. ვბრუნდები ცენტრალურ შესასვლელთან, იქ კი მეხანძრეები ისევ ისე დგანან. რას უნდა ელოდო, ვის უნდა ელოდო?! თუ ხანძრის ჩასაქრობად მოდიხარ, უნდა იცოდე ევაკუაციის გეგმა, იცოდე, რომ იქ ბავშვები არიან, რომ კარი იქაა... ისინი მეუბნებიან, კარი ვერ ვიპოვეთო... ედუარდი ვერ ამჩნევს, რომ უნებურად ყვირილზე გადადის: "ამ კარის გეგმა უნდა გქონდეთ! ვერ იპოვეთ კარი? მაშ, მოიტათ ურო, ჩაქუჩი, ხელყუმბარა! დაამსხვრიეთ კარიც, კედლებიც, ყველაფერი! გამოიყვანეთ ბავშვები!!!"

...ედუარდი აღარ ყვირის, წყნარად, ხმადაბლა ამბობს: "ჩემთვის სულერთია, ვინ ჩაურაზა მათ კარი, ვინ ვერ იპოვა კარი... ჩემთვის სულერთია, ვის დასჯიან... დამიბრუნეთ ჩემი შვილები..."

დიმიტრი რაღაც ტაბლეტებს სვამს. "იანას ვურეკავ. ზარი ისევ გადის. თითქოს ყველაფერი დაიწვა, არადა, ზარი მაინც გადის. ლამის შევიშალო..."

გვერდით მდებარე სკოლის სპორტულ დარბაზში შტაბია გახსნილი. მთელი საღამო პოლიციელები ცეცხლმოდებულ შენობასთან აკავებდნენ და აქ გზავნიდნენ დაღუპულთა ახლობლებს. ორი დღე-ღამე ისინი აქ ცხოვრობდნენ. აქვე მოდიოდნენ ოფიციალური პირებიც... სამშაბათს სკოლა დაცარიელდა. გამომძიებლები და პროკურატურის თანამშრომლები მოწმეებს ჰკითხავენ, დარბაზში სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, სასულიერო პირები ელოდებიან მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. მშობლები და ნათესავები დნმ-ს ანალიზების ჩასაბარებლად თუ ნეშტის ამოსაცნობად (ვისაც გაუმართლა) წავიდნენ. არც დიმიტრისა და ედუარდს გაუმართლა - სამშაბათ საღამოს სამივე ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია. დიმიტრი დარწმუნებულია, რომ ნეშტი კინოდარბაზის შორეულ ნაწილშია, რომელიც ბოლოს ჩააქრეს. ნაცნობი მაშველის გადაღებულ ვიდეოს მაჩვენებს - დამწვარი კედლები, ჩამოქცეული კოჭები, საშინელი შავი მასა იატაკზე...

"მედვედევი და ტულეევი გასაშვები არიან!"

ბაბუამ ხანძრის შესახებ ტელევიზიით გაიგო: "არ ვიცოდი, რომ იქ ჩემი შვილიშვილები იყვნენ. მერე მეც მივედი. გამოცდილი ოფიცერი ვარ, ვიცი, მეხანძრეებს აირწინაღები უნდა ჰქონოდათ! ორშაბათს სახანძროს უფროსიც მოვიდა ხალხთან... დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა... ის ერთსა და იმავეს ამტკიცებდა: "მიმდინარეობს გამოძიება, მუშაობს საგამოძიებო კომიტეტი..." ჩვენ ვეკითხებით: "ვინ გასცა განკარგულებები?" ის კი ზომბივით იმეორებს ერთსა და იმავეს: "კარი დაკეტილი დაგვხვდა, ყველაფერი კვამლით იყო სავსე, ჩვენ როგორღა შევიდოდით..." თქვი, რა, პატიოსნად - შეგეშინდა თუ არ შეგეშინდა... რამდენი ადამიანი იყო მიტინგზე? 40 000! ცოტაა. მედვედევი და ტულეევი (კემეროვოს ოლქის გუბერნატორი) გასაშვები არიან. პუტინი საერთაშორისო მდგომარეობას კი აკონტროლებს, მაგრამ მედვედევის შიდა პოლიტიკა არაფრად ვარგა, გასაგდებია!"

მემორიალი და მაროდიორები

დაღუპულთა მემორიალი "ზიმნაია ვიშნიას" ახლოს, გზაჯვარედინზე ორშაბათს შეიქმნა. თავდაპირველად პოლიცია ამას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ხალხს მოჰქონდა და მოჰქონდა ყვავილები და თავი დაანებეს... მერე ხუთმა ახალგაზრდამ სცადა ყვავილების მანქანაზე დატვირთვა და გატანა. აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების განკარგულებას ასრულებდნენ, თუმცა მოქალაქეებმა დააკავეს, პოლიციაც ჩაერია და მაროდიორები აღმოჩნდნენ. სამშაბათს ხალხი უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა დამწვარი შენობისკენ, უხმოდ დებდნენ ყვავილებს სამგლოვიარო ლენტებით. ბევრი ტიროდა, ფოტოებს არავინ იღებდა... დილით ასამდე ადამიანმა პლაკატებთან ერთად მოიტანა "ზიმნაია ვიშნიას" კონტაქტური ზოოპარკის ცხოველთა ფოტოები წარწერებით:""ჩვენ, ყველანი, ამ ზოოპარკში ვართ ჩაკეტილი"...

შენობის წინ გამართულ მიტინგზე კემეროვოში ჩასული პუტინი არ მისულა... 15 საათზე მიტინგზე იქაურმა ბიზნესმენმა იგორ ვოსტრიკოვმა სიტყვა მოითხოვა... ლაპარაკი იმით დაიწყო, რომ მთელი ოჯახი დაკარგა, თავისი გოგონა კი ფეხსაცმლით ამოიცნო.

"ახალგაზრდავ, თქვენ ამ უბედურებით პიარი გსურთ," - მიუბრუნდა იქ მყოფი კემეროვოს ოლქის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ცივილევი. იგორი წამოწითლდა და გამწარებულმა გამოცრა: "მე ოჯახი დამეღუპა - ჩემი და ალენა, ცოლი ელენა და სამი შვილი - შვიდი, ხუთი და ორი წლის..."

უამრავი ადამიანი გამოვიდა მიტინგზე, რომელიც 11 საათი გრძელდებოდა. სიტუაცია ძალიან ჰგავდა 1990-იანი წლების ე.წ. თავისუფალ მიკროფონს... გუბერნატორის მოადგილეები ამაოდ გაიძახოდნენ, რომ ცნობები კიდევ ასობით დაღუპულის შესახებ ჭორი იყო. შემდეგ კი გაირკვა, რომ კემეროვოში ჩასულ პუტინს კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა განუცხადა, თითქოს მიტინგზე გამოსულები დაღუპულთა ახლობლები არ იყვნენ: "იქ დღეს ორასამდე ადამიანია და სულაც არ არიან დაღუპულთა ნათესავები. ისინი მუდმივი ამრევები არიან. მკრეხელობაა, როცა ასეთი უბედურების დროს საკუთარი პრობლემების გადაჭრას ცდილობ..."