ტრამპი: "სირიაზე დარტყმა შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "სირიაზე დარტყმა შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე"

"არასოდეს მითქვამს თუ როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-მ რეგიონის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების უდიდესი სამუშაო განახორციელა. "სად არის "მადლობა, ამერიკა?" - დაწერა დონალდ ტრამპმა.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - დაწერა გუშინ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა კი განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.

ამასთან, დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში.

"ინტერპრესნიუსი"