მაიკ პომპეო კიმ ჩენ ინს შეხვდა - რას ამბობს ტრამპი? - კვირის პალიტრა

მაიკ პომპეო კიმ ჩენ ინს შეხვდა - რას ამბობს ტრამპი?

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა.

"გასულ კვირას მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს შეხვდა. შეხვედრამ კარგად ჩაიარა და კარგი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. სამიტის დეტალები ახლა დამუშავების სტადიაზეა. დენუკლეარიზაცია მაგარი რამე იქნება არა მხოლოდ მსოფლიოსთვის, არამედ ჩრდილოეთ კორეასთვისაც!" - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე კანდიდატი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკ პომპეო აპრილის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინთან შესახვედრად იყო ჩასული.

მისი ინფორმაციით, პომპეო ჩრდილოეთ კორეაში "სააღდგომო უქმეებზე" ჩავიდა და ეს ვიზიტი ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირდაპირი მოლაპარაკებების მომზადების ნაწილი გახდა. წყაროები ამტკიცებენ, რომ "ეს გახდა მაღალ დონეზე პირველი შეხვედრა 2000 წლის შემდეგ", როდესაც მოლაპარაკებები სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა და კიმ ჩენ ირმა გამართეს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინთან შეხვედრის გამართვა მაისის ბოლომდე სურს. მისივე თქმით, საამისოდ ხუთი სხვადასხვა ადგილი განიხილება.