"სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია" - შედგება სომხური "ხავერდოვანი რევოლუცია?" - კვირის პალიტრა

"სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია" - შედგება სომხური "ხავერდოვანი რევოლუცია?"

სომხეთში რადიკალური ოპოზიცია 13 აპრილიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. მათ სცადეს ხელი შეეშლათ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის არჩევას. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად მაინც აირჩია, რის შემდეგაც სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთშო "ხავერდოვან რევოლუციას" იწყებდა. აქციებისას დაშავადა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცავებიც. დააკავეს 80-ზე მეტი პროტესტანტი.

როგორც სააგენტო "ტაასი"ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიათან დაწყებული მოლაპარაკებები მოულოდნელად შეწყვიტა.

"პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არჩევნებზე 7-8% მიიღო, არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სერჟ სარგსიანმა ასევე მოუწოდა ოპოზიციის ლიდერს კანონიერებისკენ და მოლაპარაკებების დარბაზი დატოვა. "ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ შანტაჟია. თქვენ არ შეგიძლიათ სახელმწიფო დააშანტაჟოთ", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ერევანში სასტუმრო "მერიოტთან", სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სომხეთის პრემიერსა და ოპოზიციის ლიდერს შორის, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომლებიც სომხეთის პრემიერის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

22 აპრილს, დილით კი საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი პოლიციამ  დააკავა, პარლალეურად სპეციალური საშუალებების გამოყენებით დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევა დაიწყეს. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შეტაკებას პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის. საპროტესტო აქციის დაახლოებით 200-მდე მონაწილე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ამასთანავე, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაშავებული 7 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

ათობით ათასი მომიტინგე ერევანში, რესპუბლიკის მოედანზეა კვლავ შეკრებილი.

"სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს", - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებაში.

სარქისიანი მწუხარებას გამოთქვამს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო და მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

"აუცილებელია უარის თქმა დესტრუქციულ ქმედებებზე და დიალოგის შესაძლებლობების ძიება. ამიტომ ყველა მოქალაქეს, თანამემამულეს და დიასპორას მოვუწოდებ, თავის შეიკავონ სიტუაციის გამწვავებისგან. არ შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სომხეთის უსაფრთხოება", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.