სომხეთის პოლიციამ გადაწყვიტა, ერევანში მიმდინარე დემონსტრაციები აღკვეთოს - კვირის პალიტრა

სომხეთის პოლიციამ გადაწყვიტა, ერევანში მიმდინარე დემონსტრაციები აღკვეთოს

სომხეთის პოლიციამ გადაწყვეტილება მიიღო, ერევანში მიმდინარე დემონსტრაციები აღკვეთოს. ამის შესახებ "ფეისბუქის"  საკუთარ გვერდზე პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშოთ აგარონიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანი 19 აპრილიდან ერევნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ რაიონში შეკრებებს ატარებს, რაზეც უფლებამოსილ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ შეატყობინა. როგორც აშოთ აგარონიანი აღნიშნავს, აქციების მონაწილეები პერიოდულად და უხეშად არღვევდნენ "შეკრების თავისუფლების" შესახებ კანონს და პოლიციის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ერევანში რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის მობილიზება ხდება, იკრიბებიან დემონსტრანტები.

დღეს ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. თუმცა, მოგვიანებით პოლიციაში დააზუსტეს, რომ ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი არა დააკავეს, არამედ იძულებით გამოიყვანეს დემონსტრანტების რიგებიდან.

"ინტერპრესნიუსი"