"გარკვეული ჯგუფი სომხეთში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას გეგმავს" - კვირის პალიტრა

"გარკვეული ჯგუფი სომხეთში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას გეგმავს"

გარკვეული ჯგუფი სომხეთში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას გეგმავს, - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

"ერევანში არაკანონიერი აქციების ფონზე სხვადასხვა პირები და ჯგუფები ეროვნული უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინაღმდეგ დანაშაულებს ამზადებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური კვლავ აცხადებს, რომ ეს ხალხი და მათი მხარდამჭერები სპეცსამსახურების თვალყურის ქვეშ არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ შესაბამისი ოპერატიულ-სადაზვერვო ზომების მიღება ხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

დღეს ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. თუმცა, მოგვიანებით პოლიციაში დააზუსტეს, რომ ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი არა დააკავეს, არამედ იძულებით გამოიყვანეს დემონსტრანტების რიგებიდან.

"ინტერპრესნიუსი"