"ჩემ სახლში მე ვარ ბატონი" - "თურქი სულთანის" გზა საზამთროს გაყიდვიდან პრეზიდენტობამდე - კვირის პალიტრა

"ჩემ სახლში მე ვარ ბატონი" - "თურქი სულთანის" გზა საზამთროს გაყიდვიდან პრეზიდენტობამდე

"ჩემი ფესვები რიზედანაა. მეუბნებოდნენ, რომ ქართველი ვარ. მეტიც, ერთმა ადამიანმა კიდევ უფრო სიბინძურე თქვა, რომ მე სომეხი ვარ", - რამდენიმე წლის წინ, თურქეთის პირველი პირის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამ ხმაურიანმა განცხადებამ ბევრის ყურადღება მიიქცია."ვისაც რა უნდა, ის უწოდოს საკუთარ თავს, მაგრამ მე ვამაყობ, რომ თურქი ვარ", - აცხადებს ის.

თურქეთის ლიდერი სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ხშირად ის არ სცნობს დიპლომატიურ ურთიერთობებს და კოლეგა პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პირდაპირ ეუბნება სათქმელს.

ამ ცოტა ხნის წინ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა. თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ამა წლის 24 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აძლიერებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მხოლოდ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა უკვე დაარეგისტრირა. აშკარაა, რომ მას ქვეყანაში საკუთარი ლეგიტიმაციის კიდევ უფრო გაძლიერება სურს.

ვინ არის რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საიდან დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა?

ფოტოგალერეა

თურქეთის პოლიტიკური ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2014 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს ერდოღანი ჯერ კიდევ 1994 წლიდან იკავებდა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც მან პროისლამისტური ნაციონალური პარტია ჩამოაყალიბა და მისი ლიდერობით, ჯერ სტამბოლის მერი გახდა, 2003 წელს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. მას შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეები ხელთ უპყრია.

მისი მმართველობის პოლიტიკა და ზოგადად თურქეთის სახელმწიფო მსოფლიოში ორაზროვან შეფასებებს იმსახურებს. ერთნი ფიქრობენ, რომ სწორედ ერდოღანის წყალობით გახდა თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ხოლო ზოგიერთი არ გამორიცხავს, რომ თურქმა ლიდერმა ქვეყანა ისლამურ სახელმწიფოდ აქციოს. ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის შეფასებით, დამოუკიდებელი სახელმწიფო ერდოღანის ხელში დიქტატორულ სახელმწიფოდ იქცა, სადაც მთელი ქვეყანა ერთი კაცის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და ხალხის უფლებები ნაკლებადაა დაცული.

საზამთროს გაყიდვიდან პრეზიდენტობამდე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 1954 წლის 26 თებერვალს, სტამბოლში დაიბადა. მამამისი აჰმედ ერდოღანი სანაპირო დაცვის სამსახურში მუშაობდა, დედა - აჰმედის მეორე ცოლი, თენზილე ერდოღანი დიასახლისი გახლდათ და ხუთ შვილს ზრდიდა.

ბავშვობა და მოზარდობა ერდოღანმა ქალაქ რიზეში გაატარა, საიდანაც იყვნენ მისი მშობლები. მომავალი პრეზიდენტის ოჯახი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. ახალგაზრდა ერდოღანს მალევე მოუწია მუშაობის დაწყება, ის ზედმეტად საშიშ და დაუცველ ქუჩებში ფუნთუშებსა და ლიმონათს ყიდდა, რამაც გავლენა მოახდინა მის ხასიათზე.

ერდოღანი არ თაკილობდა თავის წარსულზე ლაპარაკს. ერთხელ, სატელევიზიო შოუში "რესპუბლიკური პარტის" ლიდერთან დებატებისას განაცხადა: "დაწყებით და საშუალო კლასებში საზამთროებით ვვაჭრობდი, რათა მშობლებს დავხმარებოდი ჩემი განათლების დაფინასებაში. მამაჩემი ნამდვილად ღარიბი იყო".

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ერდოღანი ჩაირიცხა რელიგიურ ლიცეუმში Imam Hatip Lisesi-ში. ამის პარალელურად, მამისგან მალულად ფეხბურთის თამაშმა გაიტაცა, ახალგაზრდობაში ნახევარად პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობდა "ფენერბახჩეს" ადგილობრივ კლუბში.

ლიცეუმის დამთავრების შედმეგ კი მარმარას ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩააბარა და წარმატებითაც დაასრულა.

პოლიტიკური საქმიანობა

1983 წლიდან 1994 წლამდე ერდოღანის პოლიტიკური საქმიანობა დაკავშირებული იყო "კეთილდღეობის პარტიასთან". ამ პერიოდში და ამ პარტიის დახმარებით თურქეთის მომავალი პრეზიდენტი სტამბოლის მაცხოვრებლებს დაუხლოვდა, რომელთაც 1994 წელს ის სტამბოლის მერად აირჩიეს.

1997 წელს "კეთილდღეობის პარტია" კვლავ უჭერდა მხარს პოლიტიკოსს, თუმცა თურქეთში პარტია აკრძალეს, რის შედეგადაც ერდოღანმა თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით კი დააპატიმრეს და 10 თვით ციხეში ჩასვეს ისლამის პროპაგანდისთვის.

თურქეთის მომავალმა ლიდერმა ციხეში მხოლოდ 4 თვე გაატარა.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ერდოღანს არ შეუცვლია თავისი პოლიტიკური შეხედულებები და კვლავ შექმნა ანალოგიური პარტია, რომლის თავმჯდომარეც გახდა. 2002 წელს მისმა პარტიამ პარლამენტში მოახერხა იმდენი მანდატის მოპოვება, რომ შეძლო ერთპარტიული მთავრობის შექმნა და ქვეყანაში რეფორმების დაწყება.

2003 წლის მარტში ერდოღანი თურქეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, რომლის ხელშიც კონცენტრირებული იყო ქვეყნის მთავარი ძალა. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მისი ძირითადი მიღწევები იყო მონეტარული რეფორმა, წარმატებული ბრძოლა კორუფციასთან, ახალი ჰესების მშენებლობა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

2014 წელს ერდოღანი ამომრჩეველთა ხმების 52%-ით თურქეთის პირველი ეროვნული პრეზიდენტი გახდა.

ერდოღანისა და მისი მთავრობით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ პიკს 2016 წელს მიაღწია. 15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. ანკარისა და სტამბოლის ქუჩებში მძიმე სამხედრო ტექნიკა და ქვეითი ჯარი გამოჩნდა, ცაში კი ავიაგამანადგურებლები და სამხედრო შვეულმფრენები დაფრინავდნენ.

შეიარაღებული ძალები მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდნენ, რისთვისაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. სტამბოლში სამხედროებმა ბოსფორის სრუტეზე გამავალი ხიდიც გადაკეტეს. ანკარაში აჯანყებულებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება და ალყაში მოქცევა მოახერხეს, მოგვიანებით კი, როცა დეპუტატებმა პარლამენტს საგანგებო სხდომის ჩასატარებლად მიაშურეს, შენობა დაბომბეს. ქვეყანაში დაიბლოკა წვდომა სოციალურ ქსელებზეც. 15-16 ივლისის ღამეს დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობამ კი 1400-ზე მეტს მიაღწია. ამბოხებისთვის მალევე დააპატიმრეს 2800-ზე მეტი ადამიანი, რის შემდეგაც რეპრესიები კვლავაც გაგრძელდა, დღემდე  ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ერდოღანი და რუსეთი

თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობა ერდოღანის მმართველობის პერიოდში სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა.

თუ 2002 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2011 წლისთვის 32 მილიარდი დოლარი გახდა.

თუმცა სირიის მოვლენების გამო თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ პროცესმა პიკს 2015 წლის 24 ნოემბერს მიაღწია, როდესაც სირიის ტერიტორიაზე თურქულმა F16-მა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. რუსი პილოტი ოლეგ პეშკოვი ადგილზე დაიღუპა. თურქეთის მთავრობის თქმით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და ამის გამო ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საზღვრის დარღვევა კატეგორიულად უარყო. გადარჩენილმა რუსმა სამხედრო პილოტმა, კონსტანტინ მურახტინმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ თურქული მხრიდან არც ვიზუალური და არც რადიო გაფრთხილება არ მიუღიათ.

"ვფიქრობ, თუ რომელიმე მხარეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ჩვენ არ ვართ. ბოდიში მათ უნდა მოიხადონ, ვინც დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე. ჩვენმა პილოტებმა და შეიარაღებულმა ძალამ თავიანთი მოვალეობა შეასრულეს, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ პასუხი დაებრუნებინათ დარღვევაზე", - განაცხადა ერდოღანმა ჩამოგდებულ სუ-24-ზე საუბრისას.

მომხდარზე მოსკოვის რეაქცია დაუყოვნებელი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ინციდენტს "ზურგში დარტყმა" უწოდა. იმავე წელს პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანხმად, სპეციალური ეკონომიკური ზომები იქნა მიღებული.

2016 წლის ივნისში ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც გარდაცვლილი პილოტის გამო მწუხარება გამოთქვა და ბოდიში მოიხადა. "სულთანმა მეფეს ბოდიში მოუხადა", - ასეთი გამოხმაურება მოყვა ამ ფაქტს დასავლურ მედიაში. რამდენიმე დღეში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ.

2016 წლის აგვისტოში ერდოღანი პეტერბურგში ჩაფრინდა და მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული კრიზისის შემდგომ ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრა იყო. პუტინმა განაცხადა, რომ Су-24-ის ინციდენტის შემდეგ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაუუარესდა, მაგრამ ვიზიტისას ერდოღანმა ამ ურთიერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა.

პირადი ცხოვრება

თურქეთის მეთორმეტე პრეზიდენტი 1978 წელს ემინე გულბარანზე დაქორწინდა. სხვა პირველი ლედების მსგავსად, ერდოღანის მეუღლეც დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, რისთვისაც საპატიო ჯილდოებითაც არის დაჯილდოებული.

ერდოღანს 4 შვილი ჰყავს, 2 ვაჟი - ნეჯმედინ ბილალი და აჰმედ ბურაკი და 2 ქალიშვილი - ესრა და სიუმეიე. ცნობილია, რომ ერდოღანის ვაჟები ნავთობის ბიზნესში არიან ჩართული, ქალიშვილები კი დედის კვალს გაჰყვნენ, ისინიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან და ქვეყანაში ქალთა უფლებებს იცავენ.

თურქეთის პირველი პირის მეუღლე და ქალიშვილები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუდამ ჰიჯაბებით ჩნდებიან.

ერდოღანის ოჯახი ანკარაში, საპრეზიდენტო სასახლეში ცხოვრობს, სადაც მედიის ინფორმაციით, 100-მდე ოთახია და მისი სიდიდე აღემატება კრემლისა და თეთრის სახლის მოცულობას, თურქეთის პრეზიდენტის სასახლე სიდიდით მსოფლიოში პირველია.

გთავაზობთ ერდოღანის ცნობილ გამონათქვამებს:

"ამჟამად ჩვენს ისტორიასთან პრობლემა არ გვაქვს. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა ადამიანების ხოცვა-ჟლეტა. ჩვენი ისტორია არის წყალობა და თანაგრძნობა"

"ჰეი, ევროკავშირო! შენ არ გსურს ჩვენი მიღება, რადგან ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანია"

"ჩემ სახლში მე ვარ ბატონი"

"ერთხელ, გარდაცვლილმა დედამ მითხრა: "რეჯეფ, ამ სამყაროში ყველაზე საშიში ფულია"

"არ მანაღვლებს ვინმე თუ დიქტატორს მეძახის, ერთ ყურში ვუშვებ და მეორედან გამოდის"

"ჩემი პირდაპირობით ცნობილი ვარ. მოვიტყუებოდი თუ ვიტყოდი, რომ აშშ-ის პოლიტიკით იმედგაცრუებული არ ვარ, რადგან ვარ"

"ტერორიზმს არ აქვს რელიგია, ეროვნება, ქვეყანა"

"ვინც დიქტატორს მიწოდებთ, გთხოვთ, საკუთარ თავს შეხედეთ"

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

იხილეთ ასევე: ზურა ყიფშიძე: "უზრდელი ყოფილა ეგ ერდოღანი და მეტი არაფერი!"