ტრამპის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - რას მოუტანს ირანს აშშ-ის ე.წ. ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა? - კვირის პალიტრა

ტრამპის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - რას მოუტანს ირანს აშშ-ის ე.წ. ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა?

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული მიმართვისას ილაპარაკა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.

"ირანის რეჟიმი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ირანის რეჟიმი სახიფათო რაკეტების ექსპორტს ახდენს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს ამწვავებს. ის მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს. ირანის რეჟიმი აფინანსებს ქაოსსა და ტერორს. თუმცა, ირანის რეჟიმის არც ერთი ქმედება არ ყოფილა ისე სახიფათო, როგორც მათი ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ მისწრაფება", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ე.წ. ირანის შეთანხმებას უნდა დაეცვა აშშ და მისი მოკავშირეები, ირანმა კი, ამის მიუხედავად ურანის გამდიდრება განაგრძო. "ეს იყო ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც არასოდეს უნდა ყოფილიყო დადებული. ამ შეთანხმებას არ მოუტანია მშვიდობა და არც მოიტანს", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ თუნდაც ირანმა ის, რომ დაიცვას, მაინც მოიპოვებს ბირთვულ იარაღს. მან მოუწოდა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ შეუდგნენ ირანისთვის სანქციების დაწესებას. სანქციები შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს.

ტრამპის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი:

"დღეს საღამოს ჩვენ მნიშვნელოვანი ისტორიული გამოცდილების მოწმენი გავხდით. ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩვენ ვიმეორებდით, რომ ირანი ქვეყანაა, რომელიც თავისი ვალდებულებების ერთგულია, ხოლო აშშ ქვეყანაა, რომელიც არასოდეს ასრულებდა თავის ვალდებულებებს".

ჰასან რუჰანის თქმით, ბირთვული შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებაა და აშშ არ უნდა გასულიყო ამ შეთანხმებიდან. "ამ ნაბიჯით აშშ-მ აჩვენა, რომ ისინი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს არ იცავენ. თეირანი განაგრძობს მუშაობას ბირთვულ შეთანხმებაზე ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე. ირანის საგარეო უწყება კონსულტაციებს გამართავს რუსეთთან, ჩინეთთან და ევროპელ პარტნიორებთან", - დასძინა მან.

"ისრაელი სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გადაწყვეტილებას, უარი თქვას საშინელ შეთანხმებაზე ირანის ტერორისტულ რეჟიმთან", - ამის შესახებ სპეციალურ მიმართავაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

"ისრაელი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ ბირთვულ შეთანხმებას, ვინაიდან ის გზას უხსნიდა ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებისთვის. შეთანხმების ფარგლებში სანქციების მოხსნამ უკვე გვიჩვენა საზარელი შედეგები. ამ შეთანხმებამ არ შეამცირა ირანის აგრესია, პირიქით, მკვეთრად გაზარდა ის და ჩვენ ამას ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ. შეთანხმების დადების შემდეგ ირანის აგრესია ყოველდღიურად იზრდებოდა ერაყში, ლიბანში, იემენში, ღაზაში და სირიაში, სადაც ირანი ცდილობს სამხედრო ბაზები შექმნას, რათა ისრაელზე თავდასხმა მიიტანოს", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ირანის ტერორისტული რეჟიმი ავითარებს ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებს. "თუ ყველაფერ ამას უცვლელად დავტოვებთ, ეს რეცეპტია კატასტროფისთვის", - დასძინა მან.

"აშშ-ს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა გაბედული ნაბიჯია, რომელიც ირანის რეჟიმის დაცემას გამოიწვევს", - ამის შესახებ კი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა.

"პრეზიდენტი ტრამპი თავისუფალი მსოფლიოს ლიდერია, რომელმაც დღეს აიათოლების რეჟიმს მკაფიოდ და მტკიცედ განუცხადა: მორჩა! ირანი დიქტატურაა, რომელიც მხარს უჭერს და აფინანსებს ტერორიზმსა და სიკვდილს მსოფლიოს მასშტაბით. ირანი თავისი არსით ტერორისტულია და ბირთვული იარაღისკენ მიისწრაფის. ტრამპის ეს ნაბიჯი გაბედულია, რაც ამ საშინელი რეჟიმის დაცემას გამოიწვევს", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.