ვინ არის საუდის არაბეთის ტახტის ამბიციური მემკვიდრე, რომელსაც მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს
13-05-2018
ვინ არის საუდის არაბეთის ტახტის ამბიციური მემკვიდრე, რომელსაც მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს
ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სულ 75 პირია შეყვანილი, 17 მათგანი წელს პირველად მოხვდა სიაში. ახალბედა წევრებს შორის არის საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდი.

ფოტოგალერეა

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდულ-აზიზ ალ საუდმა სამეფო ტახტის მემკვიდრე შეცვალა. შეცვლამდე ტახტის მემკვიდრედ მეფე სალმანის ძმისშვილი მუჰამედ ბინ ნაიფი ითვლებოდა, თუმცა სალმანმა მემკვიდრედ საკუთარი შვილი, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი გამოაცხადა. მას შემდეგ მისი
ძალაუფლება სულ უფრო იზრდება.

მუჰამედ ბინ სალმანი 1985 წლის 31 აგვისტოს ქალაქ ჯიდაში დაიბადა. ის სალმან მეფის მესამე ცოლის ბაჰდი ბინტ ფალის უფროსი ვაჟია. საუდის არბეთის პრინცებისგან განსხვავებით, მუჰამედმა განათლება საუდის არაბეთში მიიღო. ის სამართალს სწავლობდა, მოგვიანებით კი რამდენიმე სამთავრობო პოზიციაზე მუშაობდა. მას მხოლოდ ერთი
ცოლი  - პრინცესა სარა ბინტ მაშჰური ჰყავს, წყვილი 2008 წელს დაქორწინდა და 2 გოგონასა და 2 ვაჟს ზრდის. ბიჭებს პრინცი სალმანი და პრინცი მაშჰორი ჰქვიათ, ხოლო გოგონებს პრინცესა ფაჰდა და პრინცესა ნორა

2009 წელს პრინცი მუჰამედი მამის მრჩეველი გახდა, რომელიც იმ დროს ერ-რიადის გუბერნატორი იყო.

როდესაც 2015 წლის იანვარში სალმან ბინ აბდულ-აზიზი მეფე გახდა, მას არ უყოყმანია ქვეყნის მმართველ ელიტაში შვილის პოზიცია გაეძლიერებინა.

2015 წლის აპრილში ხანდაზმული მემკვიდრე ტახტიდან გაათავისუფლეს და მის ადგილზე ახალგაზრდა პრინცი დანიშნეს. ტახტის ახალი მემკვიდრე ასევე დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილედ  და ასევე აგრძელებს მუშაობას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

29 წლის ასაკში მუჰამედი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი გახდა. მისი გამინისტრებიდან ორი თვის შემდეგ საუდის არაბეთმა შექმნა კოალიცია და იემენში სამხედრო კამპანია დაიწყო, თუმცა კოალიციამ დღემდე ვერ მიაღწია თავის მიზანს. იემენის პრეზიდენტმა აბდ-რაბ მანსურ ჰადიმ დღემდე ვერ შეძლო დედაქალაქ სანას ჰუტისი ამბოხებულებისგან გათავისუფლება.

2016 წლის აპრილში გავლენიანმა პრინცმა, რომელიც ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს ხელმძღვანელიც არის, წარმოადგინა ეკონომიკური რეფორმების ამბიციური კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე დამოკიდებულების შემცირებას. მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელებით, რომელსაც "ხედვა 2030" უწოდა, ქვეყანა შეძლებს უკვე 2020 წლისთვის "ნავთობის გარეშე ცხოვრებას".

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ გეგმას ამბიციური, შორსმიმავალი ამოცანა უწოდა.

გასულ წელს პრინცმა მუჰამედმა საუდის არაბეთსა და ირანს შორის  დიალოგის ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხა. როგორც ცნობილია, ეს ქვეყნები არაპირდაპირ მონაწილეობენ სირიისა და იემენის კონფლიქტში.

მის სახელს უკავშირდება ქალებისთვის მანქანის ტარების უფლების მინიჭებაც, რომელიც ძალაში გასულ წელს შევიდა და აღქმული იქნა, როგორც პირველი ნაბიჯი ქალების ინსტიტუციონალური დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

მუჰამედ ბინ სალმანი გამოირჩევა ამბიციური განცხადებებითაც. მისი თქმით, საუდის არაბეთი გახდება თანამედროვე ისლამის ქვეყანა, რომელიც უფრო მეტს გააკეთებს ექსტრემიზმის დასამარცხებლად:  "ჩვენ საკუთარ ცხოვრების 30 წელს არ დავხარჯავთ იმისთვის, რომ ექსტრემისტულ აზრებს გავუმკლავდეთ, ჩვენ მათ დღეს განავადგურებთ".

2015 წელს მუჰამედ ბინ სალმანმა რუსი მილიარდერისგან იური შეფლერისგან რუსული იახტა "სერენა" 500 მილიონ ევროდ შეიძინა.
დასავლური მედიის ცნობით, 2017 წლის დეკემბერში პრინცმა ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ტილო "სალვატორ მუნდი" 450 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს ინფორმაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობამ დაადასტურა, თუმცა კრისტის აუქციონმა უარყო. ამჟამად ნახატი აბუ-დაბიში ლუვრის მუზეუმის ფილიალშია განთავსებული.

მუჰამედი ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. ის ხვდება პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და ცნობილ ადამიანებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით