"სისხლიანი დღე" თუ "ისტორიული წუთები" - რა მოჰყვება იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნას?
"სისხლიანი დღე" თუ "ისტორიული წუთები" - რა მოჰყვება იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნას?
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის დღეს, 14 მაისს, ღაზას სექტორში პროტესტანტებსა და ისრაელის არმიის დაპირისპირებისას ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მოწოდებით ათი ათასობით პალესტინელმა ღაზა-ისრაელის უსაფრთხოების ხაზთან ვითარება გაამწვავა. ისინი ისრაელელ ჯარისკაცებს ქვებსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ და საზღვრის გადაკვეთას შეეცადნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები იძულებული იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ, რის შედეგადაც 58 პალესტინელი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების დროს, დაიჭრა 2700 ადამიანი, რომელთაგან ცეცხლსასროლი იარაღით
მიყენებული ჭრილობა დაახლოებით 800 ადამიანმა მიიღო. მთლიანობაში, საზღვარზე არსებულ პროტესტში 40 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

თეთრი სახლის წარმომადგენლებმა შეტაკებაში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" დაადანაშაულეს. მათი თქმით, ძალადობას პროვოცირება სწორედ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა გაუწიეს. ევროპელმა ლიდერებმა კი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების გამო ისრაელის არმია დაადანაშაულეს.

ისრაელის
შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთაც ცრემლსადენი გაზითაც დაშლიდნენ, არამედ გამოიყენეს დემონსტრანტებს შორის შეპარული ექსტრემისტების წინააღმდეგ.


პალესტინის ავტონომიის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა იუსუფ ალ-მაჰმუდმა ისრაელის მხარე დაადანაშაულა და დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა.

"ჩვენს თვალწინ ადამიანის საერთაშორისო უფლებებს არღვევენ, უამრავი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და მოზარდები. 2000-ზე მეტმა ადამიანმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ეს საშინელება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს" - მიმართავენ საზოგადოებას ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიის" წარმომადგენლები.

რა მოხდა ღაზას სექტორის საზღვარზე?

ისრაელის არმიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ათასობით პალესტინელი ცდილობდა უკანონოდ საზღვრის გადაკვეთას და ისრაელის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებში შეჭრას.

ბი-ბი-სი-სთვის ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც "ჰამასის" წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის სამართალდამცავებს, ისრაელის არმიამ საპასუხოდ "ჰამასის" სამხედრო ბაზასა და სხვა ობიექტებზე იერიში მიიტანა.

რატომ დაიწყო საპროტესტო აქციები ღაზას სექტორში?

პალესტინელები 15 მაისის მოახლოებასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან 15 მაისს ისინი "კატასტროფის დღეს" აღნიშნავენ. როგორც ცნობილია, 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, უარავი პალესტინელი გაიქცა საკუთარი სახლიდან, ზოგიერთი მათგანი იძულებით გაასახლეს.

საპროტესტო ტალღის დასაწყისში, დაიღუპა ათობით პალესტინელი, ხოლო უამრავი მათგანი დაშავდა.

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი", რომელიც არ აღიარებს ისრაელს, აცხადებს, რომ 15 მაისისთვის ვითარება უფრო დაიძაბება. მათი წარმომადგენლის თქმით, მთავარი მიზანია, საკუთარ სახლებსა და ტერიტორიებს დაუბრუნდნენ ის პალესტინელები, რომლებიც უკანონოდ გამოასახლეს.

2014 წლის შემდეგ 2018 წლის ორშაბათი, 14 მაისი - ისრაელში აშშ-ის საელჩოს გახსნის დღე, ყველაზე სისხლიან დღედ გამოცხადდა, რადგან შეტაკებებისას უამრავი ადამიანი დაიღუპა.

სიძე ვაშინგტონიდან

ისრაელში, აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, აშშ-ის მხარეს დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენდა.

ცერემონიალის შემდეგ, ისრაელში აშშ-ის ელჩმა დევიდ ფრიდმანმა განაცხადა: "ჩვენ ვხსნით აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში. აშშ-მა საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და ჩვენ პირველები ვართ, ვინც ეს გავაკეთეთ".

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი საელჩოში შეკრებილებს ვიდეომიმართვით შეუერთდა.

"ისრაელი - ეს არის სუვერენული სახელმწიფო და მას აქვს უფლება თავად განსაზღვროს, რომელი ქალაქი იქნება მისი ქვეყნის დედაქალაქი", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ აშშ ცდილობს ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიან მოლაპარაკებებს მიაღწიოს.

პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, "პროვოკაცია და ძალადობა - ეს არის პრობლემის ნაწილი და არა პრობლემის მოგვარების გზა... იერუსალიმში საელჩოს გადმოტანით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ საზოგადოება, რომ აშშ-ს შეგიძლიათ ენდოთ" - განაცხადა კუშნერმა.

"თუ პრეზიდენტი ტრამპი რაიმეს დაგპირდებათ, ის აუცილებლად შეასრულებს თავის სიტყვას. ჩვენ ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ ვდგავართ".

საზოგადოებას სიტყვით მიმართა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნათანიაჰუმ: "დაიმახსოვრეთ ეს წუთები, ეს ისტორიული წუთებია. პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა ისტორია, თქვენ ქმნით ისტორიას. ჩვენ თქვენი მადლიერები ვართ"(წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?