"რია ნოვოსტი - უკრაინას" ხელმძღვანელი დააკავეს - რას პასუხობს რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს? - კვირის პალიტრა

"რია ნოვოსტი - უკრაინას" ხელმძღვანელი დააკავეს - რას პასუხობს რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს?

"რია ნოვოსტი - უკრაინას" ხელმძღვანელი დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური განმარტებას აკეთებს "რია ნოვოსტი - უკრაინაში" ჩატარებულ ჩხრეკასთან და მისი ხელმძღვანელის დაკავებასთან დაკავშირებით.

"ვადასტურებთ, რომ "რია ნოვოსტი - უკრაინას" ოფისში ტარდება ჩხრეკა და დაკავებულია მისი ხელმძღვანელი. ჩვენ მტკიცებულებების ბაზას ვაგროვებთ, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა გიტლიანსკაიამ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინაში მედიასტრუქტურების ქსელია გამოვლენილი, რომელსაც მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის იყენებდა.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი მედიასტრუქტურების ქსელი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მათ აგრესორი ქვეყანა იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული საინფორმაციო ომის ფარგლებში", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

"პასუხი, რა თქმა უნდა, იქნება, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად უფრო დეტალური ინფორმაცია გვჭირდება. ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ რუსული მედიასაშუალებების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდება, ჩვენს ჟურნალისტებს თავისუფლებას უზღუდავენ, ვინაიდან ისინი არ გამოდიან კავშირზე და ეს საკმარისია დაგმობისთვის. ჩვენ ვიმოქმედებთ კვალიფიციურად და ამავდროულად შეუპოვრად და რუსული მედიასაშუალებების ინტერესების მაქსიმალური დაცვით", - განაცხადა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსი"