რატომ არ ცნობენ დიდი რვიანისა და ევროკავშირის ლიდერები ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს?
23-05-2018
რატომ არ ცნობენ დიდი რვიანისა და ევროკავშირის ლიდერები ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს?
დიდი რვიანისა და ევროკავშირის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ არ ცნობენ ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

"ჩვენ, "დიდი შვიდეული" - კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთისა და აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერები, ერთობლივად არ ვიღებთ იმ საარჩევნო პროცესს, რაც წინ უძღოდა საპრეზიდენტო არჩევნებს ვენესუელაში 2018 წლის 20 მაისს. არ შეესაბამებოდა რა მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს და არ უზრუნველყოფდა რა ძირითად გარანტიებს ინკლუზიური, სამართლიანი და დემოკრატიული პროცესისთვის, ეს არჩევნები და მისი
შედეგები მოკლებულია ნდობასა და ლეგიტიმურობას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს ევროკავშირის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ამიტომაც ვგმობთ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს ვენესუელაში, ვინაიდან ვერ ასახავს მოქალაქეების დემოკრატიულ ნებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ვენესუელას მთავრობას მოუწოდებენ, დაგეგმონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, აღადგინონ ეროვნული კრების ძალაუფლება და უზრუნველყონ
ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული, უსაფრთხო და დაუბრკოლებელი წვდომა.

20 მაისს მადურომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ვენესუელას ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 68% დააგროვა. ოპოზიციური პარტიების კოალიციამ "დემოკრატიული ერთობის ბლოკმა" არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ საკუთარი ელჩები გამოიწვია ვენესუელადან კონსულტაციებისთვის. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას მოაწერა ხელი.

თავის მხრივ, ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნიდან შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით