ნიუ-იორკს მილიარდერი მერი ჰყავს - კვირის პალიტრა

ნიუ-იორკს მილიარდერი მერი ჰყავს

ნიუ-იორკის მერს მაიკლ ბლუმბერგს თავისი უკანასკნელი საარჩევნო კამპანია 109,2 მლნ დოლარი დაუჯდა. ეს არის აბსოლუტური რეკორდი ამერიკის ყველა დონის საარჩევნო კამპანიისთვის.

მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონება 18 მლრდ დოლარს შეადგენს, 2009 წლის ნოემბერში მესამედ გახდა ნიუ-იორკის მერი.

Forbes-ის მონაცემებით, ბლუმბერგს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ნუსხაში 23-ე ადგილი უჭირავს. როცა არჩევნების დროს მან განაცხადა, რომ არ დაიწყებდა ამერიკისთვის ტრადიციული შემოწირულობების შეგროვებას და მხოლოდ თავის ქონებას გამოიყენებდა, მას ნება დართეს, დაეხარჯა იმდენი, რამდენიც სურდა, თუმცა ის ისევე, როგორც მერობის სხვა კანდიდატი, ვალდებული იყო, ამომრჩეველთა წინაშე ანგარიშით წარმდგარიყო.

ბლუმბერგის ოპონენტმა, დემოკრატმა ბილი ტომპსონმა საარჩევნო კამპანიას მასზე თითქმის 12-ჯერ ნაკლები - 9,4 მლნ დოლარი მოახმარა.

შესაძლოა ბლუმბერგის რეკორდი მოხსნას მილიარდერმა მეგ უიტმანმა, მან უკვე დახარჯა კალიფორნიის გუბერნატორობისთვის ბრძოლაში 90 მლნ დოლარი და მზად არის, კიდევ 80-ის დასახარჯად.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ