მედვედევი - ირანის მტერი - კვირის პალიტრა

მედვედევი - ირანის მტერი

ირანულმა საინფორმაციო სააგენტო ISNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს ირანის "მტრების იდეების გამომხატველი" უწოდა.

ირანის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთი აშშ-ის მიერ გამართულ ანტიირანულ კამპანიაში ჩაერთო, ხოლო მედვედევი ამ კამპანიის რეჟისორია. ეს განცხადება აჰმადინეჟადმა თეირანში, ახალგაზრდული ფესტივალის დახურვაზე გააკეთა - ცოტა ხნის წინ რუსეთმა მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმად, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდა.

მან შეახსენა ახალგაზრდებს მედვედევის განცხადება, - ირანი ატომური ბომბის შექმნისკენ მიდისო.

"ვწუხვართ, რომ მედვედევი ირანის მტრების იდეების გამომხატველად იქცა. ანტიირანულ პიესაში მედვედევის მონაწილეობა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს", - განაცხადა აჰმადინეჟადმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და ირანი მაინც მოახერხებენ მეგობრობის გაგრძელებას.

ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი ახლო მომავალში ირანის ორ მეგობარ ქვეყანაზე აპირებს თავდასხმას, ხოლო დასავლეთი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ შეთქმულებას ამზადებს. პრეზიდენტმა ირანელი ხალხის მტრებთან თანამშრომლობაში ოპოზიციაც დაადანაშაულა.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი