რუმინეთის პრეზიდენტს ევროკავშირის "გაცურება" სურს - კვირის პალიტრა

რუმინეთის პრეზიდენტს ევროკავშირის "გაცურება" სურს

კიშინიოვში ბუქარესტთან დაკავშირებით ახალი სკანდალი მწიფდება - რუმინეთისთვის მოლდავეთის მოსახლეობის სახელმწიფო რეესტრი ხელმისაწვდომი გახდა.

მოლდავეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს რუმინეთის საკონსულოების მუშაობის გასაადვილებლად გაკეთდა. მაგრამ ექსპერტები მიუთითებენ, რომ მოლდავეთის მოქალაქეებისთვის არავის უკითხავს, არიან თუ არა თანახმა, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახური მათ პირად საქმეებში იქექებოდეს.

მოლდავეთის ქალაქებში - კიშინიოვში, კაგულსა და ბელციში რუმინეთის საკონსულოების თანამშრომლებისთვის მოლდავეთის მოქალაქეების შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობა დააჩქარებს რუმინეთში წასვლის მსურველთა მონაცემების შესწავლას. რუმინეთი ევროკავშირის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლდავეთის მოქალაქეები, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცემათ, თავისუფალ ევროპაში აღმოჩნდებიან.

ჟურნალი Der shpigel-ი და კიდევ რამდენიმე სხვა ევროპული გამოცემა აღნიშნავს, - რუმინეთი შენიღბულად უწყობს ხელს მოლდაველების ევროკავშირში ინტეგრაციასო. იტალიური გიორნალე კი აცხადებს, - ევროკავშირი ვერ ხვდება, რომ თავის შემადგენლობაში არაოფიციალურად 28-ე წევრი ჰყავს, რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ ევროკავშირს ასულელებს, მოლდავეთის ასობით ათას მოქალაქეს რუმინულ პასპორტს ურიგებს, რაც მათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევსო.

ამის საპასუხოდ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუმინეთის მთავრობა ევროპულ ნორმებს არ არღვევს. თავად პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს კი მიაჩნია, რომ ევროპელებს არაფერი აქვთ ასაღელვებელი, რადგან მოლდავეთის მოქალაქეები, რომლებიც რუმინეთის მოქალაქეები გახდნენ, უმეტესად რუმინეთში რჩებიან.

პრეზიდენტის ეს ნათქვამი კიშინიოვში ერთმნიშვნელოვნად გაიგეს - რუმინეთს მოლდავეთი საკუთარ ტერიტორიად მიაჩნია, მით უმეტეს, რომ ბესესკუმ არაერთხელ ილაპარაკა მოკლე დროში ევროკავშირის ჩარჩოებში ორი რუმინეთის გაერთიანებაზეო.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი