მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

გერმანიის კოალიციური მთავრობის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ჟურნალი შთერნ-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ანგელა მერკელის მთავრობას მოსახლეობის მხოლოდ 34% ენდობა.

გამოკითხვის მონაცემებით, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები უახლოეს დროში რომ ჩატარებულიყო, მთავრობის სათავეში სოციალ-დემოკრატებისა და "მწვანეთა" კოალიცია მოვიდოდა. ეს პარტიები ერთობლივად ამომრჩეველთა ხმების 47%-ს მიიღებდნენ, სოციალ-დემოკრატებს ამომრჩეველთა 28% დაუჭერდა მხარს, "მწვანეებს" კი 19%. კიდევ 11% მზად არის სოციალისტური "მემარცხენე" პარტიის მხარდასაჭერად.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი დარწმუნებულია, რომ საჭირო არ გახდება ვადამდე არჩევნების ჩატარება, რადგან მისი კოალიცია საკმაოდ ძლიერია და იარსებებს 2013 წლამდე, როცა ქვეყანაში მორიგი არჩევნები ჩატარდება.

ბელორუსიის მთავრობამ დაამუშავა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების 10-წლიანი სალიკვიდაციო პროგრამა, რომელიც გულისხმობს სოფლის მეურნეობაში რადიოაქტიურად დაბინძურებული მიწების ნაწილის გამოყენებას. სპეციალური ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელი გახდება დაბინძურებულ მიწებზე სუფთა პროდუქციის მიღება.

KvirisPalitra.Geირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ თავის სატელევიზიო გამოსვლაში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ბრალი დასდო 15 ივლისს, ზაჰედანში მომხდარ ტერაქტთან კავშირში, რასაც 28 კაცის სიცოცხლე შეეწირა. ჰამენეიმ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა მიიჩნია აღმოსავლეთში ტერორიზმის ზრდის მთავარ ფაქტორად და ყველა მუსლიმანს მოუწოდა, წინ აღუდგეს ტერორს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, ზაჰედანში 15 ივლისს მეჩეთის ამფეთქებელ ტერორისტებს აიათოლამ უწოდა "ფანატიკოსი ვაჰაბიტები, რომლებსაც უცხოური დაზვერვა უჭერდა მხარს". ტერაქტზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო დაჯგუფება "ჯანდალამ", რომელმაც თავის მიზნად გამოაცხადა შიიტურ ირანში სუნიტების უფლებებისთვის ბრძოლა.

ირანის მთავრობას ადრე არაერთხელ დაუდანაშაულებია "ჯანდალა" ავღანეთსა და პაკისტანში მყოფი ამერიკული ჯარისგან დახმარების მიღებაში.

მოლდავეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე მ. გიმპუმ ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა:

- მოლდავეთი ევროპის უღარიბესი ქვეყანა მარტო იმიტომ კი არ არის, რომ აქ დროულად არ ჩატარდა დემოკრატიული რეფორმები, არამედ იმის გამო, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ოფიციალური კიშინიოვის თანხმობის გარეშე დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარიო.

მ. გიმპუმ მსოფლიოს სახელმწიფოთა პარლამენტების თავმჯდომარეებს სთხოვა, მხარი დაუჭირონ რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის მოთხოვნას.

ნანა ანტონოვა-ილურიძე