"ეს კარგია მსოფლიოსთვის" - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

"ეს კარგია მსოფლიოსთვის" - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის დეტალები

სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შესანიშნავ ურთიერთობებს წარმართავს.

"ჩემთვის ეს დიდი პატივია და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. კარგი შეგრძნება მაქვს. ვფიქრობ, შესანიშნავი დისკუსია გვექნება და უზარმაზარ წარმატებას მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, ბევრს მივაღწევთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

"ძველი პრაქტიკა და ის ცუდი აზრი, რაც გვქონდა, დაბრკოლებას ქმნიდნენ ჩვენს გზაზე, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ და დღეს აქ ვართ", - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

"ეს სიმართლეა", - ასე უპასუხა კიმ ჩენ ინის რეპლიკას დონალდ ტრამპმა.

მისასალმებელი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა მოლაპარაკებები უკვე გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.

ამერიკული მხრიდან შეხვედრას ესწრებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე ჯონ ბოლტონი და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კი შეხვედრას შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ლი იონ ხო და ჩრდილოეთ კორეის "შრომითი პარტიის" ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კიმ იონ ჩხოლი.

დონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა კომენტარი კიმ ჩენ ინთან პირისპირი შეხვედრის შესახებ, რომელიც 48 წუთი გაგრძელდა და რომელსაც მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ.

"შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ წარსულის პრობლემების გადაჭრას და წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვას", - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კი აღნიშნა, რომ დაინტერესებულია აშშ-ს პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობაში.

"ეს არ იქნება იოლი, თუმცა მე ეს მსურს. ჩვენ ყველა სახის სკეპტიციზმი და სპეკულაციები გადავლახეთ ამ სამიტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს კარგია მსოფლიოსთვის", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"