შვედური თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ - რა ნაბიჯებს დგამს ევროპის ყველაზე პაცეფისტური ქვეყანა?!
შვედური თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ - რა ნაბიჯებს დგამს ევროპის ყველაზე პაცეფისტური ქვეყანა?!
6 ივნისს, შვედეთმა სამხედრო მოხალისეების მასშტაბური მობილიზება გამოაცხადა, რათა მონაწილეობა მიეღოთ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ წვრთნებში და შეესრულებინათ თავდაცვითი მოვალეობები.
მომხდარმა უცხოური მედია საშუალებების დიდი ყურადღება მიიქცია რამდენადაც 1975 წლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შვედეთმა, ამ მასშტაბის რეზერვში მყოფი სამხედრო მოხალისის - თითქმის 22 000, მობილიზება გამოაცხადა. ამას ისიც ემატება, რომ რამდენიმე დღით ადრე, ქვეყნის მთავრობამ 4 მილიონზე მეტ ოჯახს დაუგზავნა ბროშურები, სათაურით "კრიზისის ან ომის შემთხვევაში". იგი შეიცავდა
ინფორმაციას თუ როგორ მომზადებულიყვნენ თავდასხმისთვის კონფლიქტის დროს. კერძოდ, როგორ მოემარაგებინათ წყალი, მშრალი საკვები და სხვა საშუალებები, რათა გაეძლიერებინათ ქვეყნის წინააღმდეგობა. შვედეთს საკუთარი მოქალაქეებისთვის მსგავსი ინსტრუქციები ცივი ომის შემდეგ არ დაუგზავნია. გარდა ამისა, გასულ თვეს ქვეყნის მთავრობამ, ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ გოთლენდზე, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს
რუსეთის საზღვართან, სამხედრო პოლკის ფუნქციონირება განაახლა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მეთაურმა, გენერალმა მიქაელ ბიდენმა განაცხადა, რომ სამხედრო რეზერვის წვრთნები ემსახურებოდა ქვეყნის სამხედრო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც პოტენციურ აგრესორს აჩვენებდა, რომ შვედეთს შესწევს უნარი, უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება. მისივე განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყნის ირგვლივ მოვლენები არასწორი მიმართულებით განვითარდა.

შვედეთის მიერ სამხედრო თავდაცვითი გაძლიერებისკენ ერთ-ერთი ნაბიჯი გასულ წელს გადაიდგა, როდესაც ქვეყნის მიერ სამხედრო გაწვევა განახლდა, რაც 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმებული იყო. არსებული რეალობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მამაკაცთა სამხედრო სამსახურში გაწვევაზე დაიწყო აქტიური დებატები, არამედ ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურზეც.

აღნიშნული, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა საერთაშორისო საზოგადოებაში გაურკვევლობას, განსაკუთრებით შვედეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული პაციფისტური და ნეიტრალური პოზიციის გათვალისწინებით, თუმცა რეგიონში განვითარებული პროცესები, კერძოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, იძლევა გონივრული შიშის საფუძველს, თუნდაც საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური სახელმწიფოსთვის.

შვედეთის გააქტიურება რომ საფუძვლიანია, ამას 2015 წლის ივნისში ამერიკული კვლევითი ცენტრის, "სეპას" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა 2015 წლის დასაწყისში, 33 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ჩაატარა წვრთნა, რომლის მიზანიც იყო ბალტიის ზღვაში მდებარე შვედეთის კუნძულ გოთლენდზე თავდასხმის ინსცენირება.
ყოველივეს ამის ფონზე შვედეთმა, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის არაწევრი ქვეყანაა, აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობა გააძლიერა. ამ ფაქტმა კი თავის მხრივ გაღიზიანება გამოიწვია კრემლში. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანება უარყოფითად იმოქმედებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. "აღნიშნულ ქმედებას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს რუსეთისთვის და რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ, მის აღმოფხვრაზე".
ამჟამად შვედეთი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის სამხედრო თავდაცვითი შესაძლებლობების თვალსაზრისით 31-ე ადგილზეა. მის არსენალშია 21 875 აქტიური და 22 000 რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურე. მისი თავდაცვის ბიუჯეტი შეადგენს 6 მილიარდ დოლარს, რაც გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ყველაფერი კი რუსეთის მიერ აგრესიულ პოლიტიკას უკავშირდება. რუსეთისგან მომდინარე საფრთხემ, ფაქტობრივად, პროვოცირება მოახდინა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პაციფისტური ქვეყნის ხელახლა მილიტარიზების. ამასთანავე, განსაკუთრებით გაზარდა ნატოში - გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი. აღნიშნულს ასევე აძლიერებს ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ თუ შვედეთი მოისურვებს ნატოში გაწევრებას, ორგანიზაციის შიგნით საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უკვე 2016 წელს შვედეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ნატოს საშუალება ეძლევა გამოიყენოს ქვეყნის ტერიტორია საკუთარი ოპერაციებისთვის.

გვანცა კაკაურიძე (სპეციალურად საიტისთვის)




პაციფისტი
13 ივნისი 2018 13:23
პაციფისტები? ეგენი არიან კაციჭამია ვიკინგების შთამომავლები და სანამ პაციფისტები გახდებოდნენ პოლტავაში პეტრე პირველმა გაანადგურა და რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდათ გახდნენ პაციფისტები, არ გვინდა ილუზიები და ვარდისფერი სათვალე.
და შვედეთმა თუ განაახლა გაწვევა, ჩვენ რატომ ვაუქმებდით, თუ გავაუქმეთ თითქმის, უფრო მშვიდ რეგიონში ვცხოვრობთ, თუ რუსეთი, თურქეთი, სხვებს რომ თავი გავანებოთ არ გვესაზღვრება?
პ.ს რამე რომ მოხდეს ალბათ ბაია პატარაია, ლომჯარია, გიგაური და დანნი მათნი დაგვიცავენ.
მაია ფირცხალავა
13 ივნისი 2018 11:32
ბოლო ორასი წელია ომში მონაწილეობა არ მიუღია. ნეიტრალური ქვეყანაა. არა მგონია რუსეთი შვედეთს თვს დაესხას. ისე თუ რამე მოხდა, არა აქვს მნიშვნელობა რუსეთთან თუ სხვა ქვეყანასთან, შვედეთი ომს ვერ გაუძლებს. ომს უძლებს ქვეყანა სადაც ყველაფერი მოწესრიგებული არაა ანუ ხალხს პრობლემებთან გამკლავება თვითონ საკუთრი ძალებით რომ უწევს, ხალხი რომელიც შეჩვეულია გაჭირვებას. ამ კატეგორიას უყვარს თვისი სამშობლო. იქ სადაც ცხოვრების მაღალი დონეა, როგორც ფულიანი დად-მამის გაზულუქებული ბავშვი, გაჭირვებას და ომს ვერ უძლებს.
vaxo
13 ივნისი 2018 11:17
მალადეც რუსები ამასაც ხომ მოხერხება უნდა რომ პაციფისტმა შვედებმაც კი იარაღზე დაიწყეს ყურება

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები