"ტერორიზმში ბრალდებული ტერეზა მეისთვის თავის მოკვეთას აპირებდა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ტერორიზმში ბრალდებული ტერეზა მეისთვის თავის მოკვეთას აპირებდა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე ტერეზა მეიზე თავდასხმის ორგანიზატორი მისთვის თავის მოკვეთას აპირებდა, - ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი, 20 წლის ნააიმურ ზაქარია რაჰმანი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან ბომბის აფეთქებას, შემდეგ კი ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაცვის ნეიტრალიზებას და შენობაში შესვლას გეგმავდა.

რაჰმანი გასული წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელიც თავს მის თანამოაზრედ ასაღებდა, მას "ასაფეთქებელი მოწყობილობის" გადასაცემად შეხვდა.

პროკურორის მაიკ ჰეივუდის განცხადებით, ეჭვმიტანილი ტერაქტების სამიზნეებად სამხედრო ობიექტებს და ბრიტანული კონტრდაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინასაც განიხილავდა და მზად იყო თვითმკვლელობისთვის, რათა შემდგომში "72 ქალწულთან ერთად სამოთხეში მოხვედრილიყო".