"აზერბაიჯანი მზად არის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი გაანადგუროს" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანი მზად არის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი გაანადგუროს"

აზერბაიჯანი მზად არის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი გაანადგუროს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"ჩვენ ყარაბაღში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება გვსურს, თუმცა არ შევეგუებით ჩვენი მიწების ოკუპაციას. მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ არ არსებობს ისეთი სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი, რომლის განადგურებასაც აზერბაიჯანის არმია ვერ შეძლებდა", - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.

ილჰამ ალიევის თქმით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა, რომელზეც აზერბაიჯანელები ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

"ჩვენ ომის პირობებში ვცხოვრობთ. აზერბაიჯანი არ შეეგუება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. საამისოდ აზერბაიჯანს სჭირდება ძლიერი არმია და ძლიერი ეკონომიკა", - განაცხადა მან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს კონკურენციას ვერ გაუწევს.

"ისტორიული სამართლიანობა ჩვენს მხარეზეა. ჩვენ სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობა გვაქვს. ომი ჯერ არ დასრულებულა. მხოლოდ მისი პირველი ეტაპი დასრულდა", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"