ისლანდია ევროკავშირში დაჩქარებული წესით შევა - კვირის პალიტრა

ისლანდია ევროკავშირში დაჩქარებული წესით შევა

ევროკავშირმა ბრიუსელში ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყო ისლანდიის, ანუ ყინულოვანი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით. ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი არ გაჭიანურდება და 2012 წელს ეს ქვეყანა (ხორვატიის შემდეგ) თანამეგობრობის ოცდამეცხრე წევრი გახდება.

ევროკავშირში გაწევრების სხვა (მაგალითად, თურქეთი) მსურველებისაგან განსხვავებით, ისლანდიის განაცხადს დაჩქარებულად განიხილავენ. ისლანდიამ განაცხადი 2009 წლის ივლისში შეიტანა, წლისთავზე კი უკვე განხილვა დაიწყო.

პატარა, კრიზისით, ვალებით დამძიმებული, იმიჯდაკარგული ქვეყანა, ერთი შეხედვით, დიდი ვერაფერი შენაძენია ევროკავშირისთვის ზოგიერთი ევროპელი დამკვირვებელი ამ აჩქარებაში უფრო ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების გაფართოებას ხედავს, ვიდრე ისლანდიის ინტერესებზე ზრუნვას. გერმანული ტელეარხი ARD-ი სტოკჰოლმიდან გადმოსცემს: "ისლანდიის გაწევრებით ევროკავშირი არქტიკის მიმართულებით გაფართოვდება.

მეცნიერების ვარაუდით, აქ ნავთობის დიდი საბადოებია". ისლანდია 2008 წელს მძიმე დღეში ჩავარდა. მრავალმილიარდიანმა ვალმა და ზოგიერთი ისლანდიური ბანკის მიერ გადახდისუნარიანობის დაკარგვამ სახელმწიფო გაკოტრების გზაზე დააყენა. რეიკიავიკში შექმნილი მმართველი კოალიცია ხსნას მხოლოდ ევროკავშირში შესვლაში ხედავდა. მართალია, მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ისლანდიის მოსახლეობის ნახევარი, გამოკითხვის თანახმად, უარყოფითად უყურებს ევროკავშირში შესვლას.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბრიუსელმა კრიზისის პიკზე მყოფ კუნძულს არ გაუწია მასშტაბური დახმარება. მეორე კი ის, რომ თავად ევროკავშირი არ გახდა მსგავსი ვითარებიდან სწრაფად გამოსვლის მაგალითი.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი