მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ თეირანის წინააღმდეგ მიღებულმა ახალ ეკონომიკურ სანქციათა პაკეტმა ირანის ხელმძღვანელობა დააფიქრა:

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა. დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ გაეროს, ევროკავშირისა და აშშ-ის ახალი ერთობლივი სანქციები უკვე ახდენს ზემოქმედებას ირანის ეკონომიკაზე.

ირანმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროგრამას და მზადყოფნა გამოთქვა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბირთვული მოლაპარაკების განახლებაზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

ვაშინგტონში შიშობენ, რომ ავღანეთის ოპერაციების შესახებ პენტაგონის საიდუმლო მასალების გამოაშკარავებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს აშშ-ის ურთიერთობაზე თავის უახლოეს მოკავშირეებთან, პირველ რიგში კი პაკისტანთან. ქაბულში ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ გამჟღავნებულ მონაცემებს ისლამაბადის ორმაგი თამაშის თაობაზე და აშშ-ს ზომების მიღება ურჩიეს.

აშშ-ის ხელისუფლების რეაქცია საიტ ჭიკილეაკს-ზე გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებზე საკმაოდ თავშეკავებული იყო. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, სამხედრო უწყების ექსპერტებს ჯერ არ დაუდგენიათ ზარალი, რომელიც ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას მიადგა. საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლო შედეგების ანალიზს რამდენიმე კვირა დასჭირდება. პენტაგონი არ მალავს, რომ გულმოდგინედ ეძებს ინფორმაციის გაჟონვის წყაროს.

ჯერჯერობით, მთავარ ეჭვმიტანილად აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსი ბრედლი მენინგი ითვლება, ის ჯერ კიდევ ივნისში დააპატიმრეს საიდუმლო მასალების გამჟღავნებისთვის.

საიტის ინფორმაციით, პაკისტანის დაზვერვა თალიბებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ეხმარებოდა მათ კოალიციის ჯარების წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვაში.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აღიარებს სასმელ წყალზე ადამიანის უფლებას. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში დაახლოებით 884 მლნ კაცს ხელი არ მიუწვდება სუფთა სასმელ წყალზე. ეს "ადამიანის უფლებათა დარღვევაა".

ვითარება კი უარესდება. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მოხსენების თანახმად, 2030 წელს წყალზე მსოფლიო მოთხოვნა არსებულს 40%-ით გადააჭარბებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მიერ პაკისტანის დადანაშაულებას "ტერორიზმის ექსპორტისათვის" ხელშეწყობაში, ლონდონსა და ისლამაბადს შორის დიდი სკანდალი მოჰყვა. ექსპერტების აზრით, დელიში საგანგებო ვიზიტით მყოფი კემერონის ნათქვამი თავისებური რევერანსია ინდოეთის მიმართ. ჩანს, ბრიტანეთის ლიდერი ინდოეთთან პარტნიორობის გაფართოებას გეგმავს.

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნათქვამი ინდოეთის წისქვილზეც ასხამს წყალს, დელიმაც დაადანაშაულა პაკისტანის ხელისუფლება 2008 წელს  ტერორისტებისათვის ხელშეწყობის გამო, რომლებიც მუმბაის დაესხნენ თავს. დევიდ კემერონის ვიზიტის დროს დაიდო დაახლოებით 800 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო კონტრაქტი. ინდოეთი მიიღებს სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებს.