ბრიუსელში ჩასულ ტრამპს მსოფლიო ჩემპიონატის გამო აეროპორტში ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა - კვირის პალიტრა

ბრიუსელში ჩასულ ტრამპს მსოფლიო ჩემპიონატის გამო აეროპორტში ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც გუშინ საღამოს ბრიუსელში ჩავიდა, ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა. ამის შესახებ გამოცემა Le Soir წერს.

დონალდ ტრამპი მეუღლე მელანიასთან ერთად ბელგიაში ადგილობრივი დროით 20:50 საათზე ჩაფრინდა, როდესაც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ბელგიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ხვდებოდა.

ბელგიის მეფე ფილიპე და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდნენ და საფეხბურთო მატჩს თვალყურს სტადიონიდან ადევნებდნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი კი, ფეხბურთს ნაკრების ერთ-ერთი წევრის ედენ აზარის მშობლური ქალაქის ბრენ-ლე-კონტის ფანზონაში, გულშემატკივრებთან უყურებდა.

აშშ-ს პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელი ფრანსუაზა გიუსტენი დახვდა.

Le Soir-ის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერების დახვედრაც ანალოგიურ დონეზე გაიმართება.