ოსმალურ იმპერიაზე მეოცნებე ერდოღანის "ახალი ერა" - თურქეთის საგარეო და საშინაო გამოწვევები
13-07-2018
ოსმალურ იმპერიაზე მეოცნებე ერდოღანის "ახალი ერა" - თურქეთის საგარეო და საშინაო გამოწვევები
9 ივლისს თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის - რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია შედგა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას 22 სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 28 პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო.
ინაუგურაციამდე ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო პარლამენტის შენობაში, რის შემდეგაც თურქეთი ოფიციალურად გადავიდა საპრეზიდენტო მმართველობაზე და შესაბამისად გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები.
ახალი სისტემით, პრეზიდენტმა აღმასრულებელი ძალაუფლებაც მიიღო. იგი ნიშნავს ვიცე-პრეზიდენტს, მინისტრებსა და მოსამართლეებს. მას ასევე შეუძლია აღმასრულებელი განკარგულებების გამოცემა, პარლამენტის დაშლა და საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადება. ახალი კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება "სამშობლოს წინააღმდეგ აჯანყების" ან "ძალადობრივი ქმედებების" დროს და 6 თვეს გასტანს, განსხვავებით ახლანდელი 3 თვიანი პერიოდისა, რომელიც უკვე 7-ჯერ გახანგრძლივდა და ბოლო ეტაპი წესისამებრ 19 ივლისს უნდა დასრულდეს.
გარდა მმართველობის ფორმის სამართლებრივი ცვლილებისა, ერდოღანის სამომავლო გეგმებში ქვეყნის
არსობრივად ახალ ეტაპზე გადასვლაც შედის, რასაც ადასტურებს ფიცის დადების დროს თურქეთის ისტორიაში "ახალი ერას" დაწყების დაანონსება.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყანა რესპუბლიკის დაარსების 95 წლის შემდეგ პირველად მიიღებს სრულიად ახალ სახეს, იქნება მსოფლიოს 10 წამყვანი სახელმწიფოდან ერთ-ერთი და 2023 წლისთვის გახდება "ძლიერი თურქეთი".
1923 წელს ათათურქის მიერ შექმნილი რესპუბლიკის სამართალ - მემკვიდრე ცალსახად ახალ რელსებზე გადადის. ექსპერტების აზრით ერდოღანი უფრო კონსერვატიულ და რელიგიურ სახელმწიფოს ქმნის, რომელსაც აშკარად აქვს გლობალური მასშტაბის ამბიციები და მიზნად ისახავს სუნიტური ისლამის დამცველის როლის შეთავსებას.

"ერდოღანის ერას" თავისი სიმბოლოებიც აქვს. სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ხელით "რაბიას" ნიშანი გააკეთა, რაც გამოხატავდა მუსლიმური საძმოს პროტესტს ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მიმართ 2013 წელს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების დროს.

გერმანელი ჟურნალისტის აზრით ეს ნიშანი უკვე გასცდა ისლამისტურ სპექტრს და დიქტატურისა და ტირანიის წინააღმდეგ პროტესტის აღმნიშვნელ სიმბოლოდ გადაიქცა. ეს ყოველივე კი ნიშნავს, რომ თუ თურქეთში დამყარებული მმართველობის ახალი სისტემა ერთის მხრივ გზას უხსნის ქვეყნის ხელისუფალს ძალაუფლების განუსაზღვრელი გამოყენებისკენ, გარეგნულად მაინც ნარჩუნდება დემოკრატიის პატივისცემისა და ერთგულების სიმბოლოების გამოყენება. ერდოღანის დაანონსებული "ახალი ერა" გარდა შეპირებული კეთილდღეობისა და გაძლიერებისა, შეიძლება გარკვეულ გამოწვევებსაც უკავშირდებოდეს.

მაგალითად, "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ ვერ შეძლო არჩევნებში სრული უმრავლესობის მოპოვება და 600 ადგილიდან 294-ს დაეუფლა, რაც იმას ნიშნავს რომ მმართველ ძალას აუცილებლად დასჭირდება მოკავშირეები "ნაციონალური მოძრაობის" პარტიაში, რომელსაც 49 ადგილი აქვს. ანალიტიკოსების აზრით კი, ნაციონალისტებთან პარტნიორობა "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიას აიძულებს უფრო მკაცრი პოლიტიკა გაატაროს, განსაკუთრებით ქურთების საკითხთან და დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. სწორედ დასავლეთთან სამომავლო ურთიერთობა წარმოადგენს თურქეთის 5 ძირითად საგარეო პოლიტიკის გამოწვევას შორის ერთ-ერთს.

  1. ურთიერთობები ევროკავშირთან - ამ უკანასკნელთან ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა რაც 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების შედეგად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა თვეობით გაგრძელდა და ერდოღანმა მისი გაუქმების შესახებ არაერთი მოწოდების მიუხედავად, მაინც არ გაითვალისწინა ევროპელი კოლეგების რჩევები. ამას გარდა, დასავლეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს მმართველობის სისტემის ცვლილებას თურქეთში და მას ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმულ ნაბიჯებად აფასებდა.
    ორ მხარეს შორის დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი მიზეზი, ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხიც გახდა. გაჭიანურებული ხელშეკრულების გამო, საქმე იქამდეც კი მივიდა რომ ერდოღანი დასავლეთს მათ საზღვრებთან მილიონობით მიგრანტის გაგზავნით დაემუქრა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ნიკოს კოძიასმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც განაცხადა რომ ათენი იმედოვნებს რომ ერდოაღანი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნაკლებად ნერვიული იქნება;ურთიერთობები აშშ-სთან - თურქეთსა და აშშ-ს შორის აზრთა სხვადასხვაობა რამდენიმე საკითხზე არსებობს. მათგან უმთავრესი ამერიკის მიერ სირიელი ქურთების მხარდაჭერა და ვაშინგტონისგან ანკარის მიერ 2016 წლის გადატრაიალების ორგანიზებაში დადანაშაულებული ფეთულა გიულენის ექსტრადირებაზე უარის თქმაა. თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზად არის, დაძაბულობის მიუხედავად დათმობებზე წავიდეს, რასაც გასულ თვეს თურქეთში აშშ-ის მიერ გაგზავნილი F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავები მოწმობს (ანკარამ აღნიშნული თვითმფრინავები სამხედრო თავდაცვითი სფეროს გაძლიერების მიზნით ივნისში ამერიკისგან შეიძინა);
  2. ურთიერთობები რუსეთთაან - ერდოღანსა და მის რუს კოლეგას შორის ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მჭიდრო კავშირები დამყარდა, რაც სირიაში მშვიდობის დამყარების საერთო ხედვებს ემყარება. პუტინმა, რომელიც ანკარის ხშირი სტუმარია, მაშინვე მიულოცა ერდოღანს გაპრეზიდენტება და განაცხადა რომ არჩევნების შედეგებმა მისი "დიდი პოლიტიკური ძალაუფლება" ასახა. სწორედ რუსეთთან დამთბარი ურთიერთობები იწვევს თავის მხრივ აშშ-ს გაღიზიანებას, განსაკუთრებით თურქეთის მიერ რუსული S-400 საჰაერო სარაკეტო ბატარეების შეძენის ფონზე, რომლებიც არ შეესაბამება ნატოს თავდაცვის სისტემებს. ანალიტიკოსების აზრით ანკარას მოუწევს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არჩევანის გაკეთება და რომელიც არ უნდა აირჩიოს, გარკვეული საფასურის გადახდა მაინც მოუწევს;
  3. სირია - თავდაპირველად, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებისას ერდოღანი ასადის რეჟიმის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა დღეს-დღეობით ანკარა უმეტესწილად საზღვარზე უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გადაადგილებული პირების შინ დაბრუნების საკითხითაა დაინტერესებული. როგორც ატალანტიკური საბჭოს ერთ-ერთმა მკვლევარმა - აარონ შტეინმა განაცხადა, თურქეთმა უკვე იპოვა წარმატების ფორმულა ასადთან ურთიერთობისას - "იგი ცდილობს საკუთარი ინტერესების რუსეთის საშუალებით გატარებას - რაც ასადის რეჟიმის ცვლილებას ნამდვილად არ გულისხმობს."
  4. გლობალური ამბიციები - ბოლო რამდენიმე წელია ერდოღანი ცდილობს მუსლიმურ სამყაროში ავტორიტეტი მოიპოვოს. რამდენჯერმე მუსლიმი ლიდერებიც კი მიიწვია სამიტზე რათა განეხილათ აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის საკითხი. მასშტაბური ამბიციების ერთ-ერთი დასტური ფიცის დადების დროს წარმოთქმული სიტყვაც არის.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის წინაშე როგორც შიდა ისე გარე გამოწვევები დგას, რომელთა გადასაწყვეტად აუცილებელია სფეროს ისეთი სპეციალისტების ჩართვა პროცესებში, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კრიტიკულ აზრსაც გამოთქვამენ და არ იტყვიან იმას, რისი გაგებაც ერდოღანს ენდომება.

ფოტოგალერეა

გვანცა კაკაურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

gio
14 ივლისი 2018 10:41
აშშ-ს F-35 ები ანკარაში არ გაუგზავნია, უბრალოდ მიყიდა თურქეთს და ლუკ-ს საჰაერო ბაზაზე ამერიკაშია 2 თვითმფრინავი რომლებიც ამერიკული კონგრესის თანხმობის გარეშე თურქეთში ვერასდროს გაიგზავნება და არც მალავენ კონგრესმენები რი არ მიცემს უფლებას თურკეთმა რომ ამერიკული 400 მილიარდიანი პროექტი ჩაიგდოს ხელში
sphinksi
14 ივლისი 2018 10:09
ორი ამხელა მეზობელი თუ დაეტაკა ერთმანეთს არა მგონია ჩვენ სასაცილოდ გაგვიხდეს საქმე
otomani ki ara -
13 ივლისი 2018 20:03
შენა გენა რაც დაგესიზმრება ყველაფერი კი არ უნდა მოყვე

რედაქტორის რჩევით