"მაპატიეთ, რომ თქვენი შვილები მღვიმეში შევიყვანე!"
"მაპატიეთ, რომ თქვენი შვილები მღვიმეში შევიყვანე!"
თამ ლუანგ ნანგ ნონის მღვიმე ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათი ნაწილი წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე, იტბორება.
23 ივნისს აქ ექსკურსიაზე 12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი წავიდნენ. მღვიმეში შესვლის დროს ტერიტორია მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარა. დაკარგულები გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ორმა ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავმა იპოვა. ჯგუფი 4 კილომეტრის სიღრმეში იმყოფებოდა. 11-დან 16 წლამდე ბავშვებისა და მათი
25 წლის მწვრთნელის დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ბიჭებისა და მათი მწვრთნელის მღვიმიდან გამოსასვლელი ალტერნატიული გზის მოძიება იგეგმებოდა, ტაილანდის ხელისუფლება წყლის ამოტუმბვასაც ცდილობდა, მაგრამ ჟანგბადის ნაკლებობისა და წვიმის გამო სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღით გვიან დაიწყო. 90 დაივერი, ტაილანდის სამხედრო ნაწილი და მოხალისეები ბიჭების
გადარჩენას შეუდგნენ.
მღვიმეში შესასვლელი გზა იმდენად რთული იყო, რომ გამოცდილ სპეციალისტებსაც უჭირდათ დანიშნულების ადგილამდე მისვლა და უკან დაბრუნება. 30-40-წლიანი გამოცდილების მქონე დაივერებს, ყვინთვის გარდა, ცოცვა, პირველადი დახმარების გაწევა და ბიჭების სახელდახელოდ სწავლება უწევდათ, რადგან ბევრმა მათგანმა ცურვაც კი არ იცოდა. თითო ბიჭი ორ გამოცდილ დაივერს გამოჰყავდა.
ტექნოლოგიური სამყაროს ცნობილმა ფიგურამ, მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა გამოქვაბულში ჩარჩენილების დასახმარებლად გაგზავნა შპაცეX-ის ინჟინრები, რომლებიც სატრანსპორტო სისტემებისთვის გვირაბების გათხრაზე მუშაობენ. მათ ბიჭების გამოქვაბულიდან გამოსაყვანად რამდენიმე იდეა ჰქონდათ, თუმცა მდგომარეობა ადგილზე უნდა შეეფასებინათ...
თითო დაივერს ბიჭების გამოსაყვანად­ 4 კილომეტრის გავლა უწევდა. მღვიმემდე მისვლასა და უკან დაბრუნებას კი 11 საათი სჭირდებოდა. ამ ოპერაციისას ტაილანდის საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავი, 38 წლის სამან კუნანი დაიღუპა - ერთ-ერთ მაშველს დატბორილი მღვიმიდან გამოსვლის დროს ჟანგბადი გაუთავდა და გონება დაკარგა. კუნანი მისთვის და მოზარდებისთვის ჟანგბადის ავზების მისაწოდებლად მღვიმეში რამდენჯერმე შევიდა, გამოსვლისას კი ჟანგბადი თავად აღარ ეყო...
სამაშველო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში 4 ბიჭი გამოიყვანეს­. პირველად ისინი, ვინც მძიმე მდგომარეობაში იყო. ოპერაცია სულ სამ დღეს გაგრძელდა. უდიდესი ძალისხმევის შედეგად, ბიჭებისა და მათი მწვრთნელის გადარჩენა მოხერხდა.

"ისინი თითქოს სიზმარში იყვნენ, როდესაც დაივერიდან დაივერის ხელში გადადიოდნენ, რამდენიმე მათგანს ეძინა კიდეც, როდესაც ამ ურთულეს გზას გავდიოდით", - განაცხადა სამაშველო ოპერაციის ერთ-ერთმა მეთაურმა ჩინანტა პერანარონმა.

მსოფლიო აღაფრთოვანა სამაშველო ოპერაციის დროს მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭების მშობლების თანადგომამ. ამჟამად საფეხბურთო გუნდის წევრები საავადმყოფოში არიან და მშობლებს მხოლოდ შუშის მიღმა აქვთ ბავშვების დანახვის უფლება.

"მღვიმეში მწვეთავი წყალი, მორჩენილი საკვები და მედიტაცია - ეს იყო ის მაცოცხლებელი ძალა, რამაც ბავშვებს ამდენ ხანს გააძლებინა,"- წერს ბი-ბი-სის­ საერთაშორისო გამოცემა, - ბიჭებს გუნდის ერთ-ერთი წევრის დაბადების დღის აღნიშვნა უნდოდათ მღვიმეში. ამჟამად მათ შეზღუდული აქვთ ზოგიერთი პროდუქტის მიღება და ატარებენ სათვალეებს, რათა წყვდიადში გატარებული დიდი დროის შემდეგ თავიდან აიცილონ მხედველობის დაზიანება. ექიმები შიშობენ, რომ ბიჭებს შესაძლოა გამოუვლინდეთ სხვადასხვა ინფექცია, რომლებსაც ღამურები ატარებენ, ასევე სავარაუდოა ბაქტერიული დაავადება ლეპტოსპიროზი, რომელიც წყლით გადაეცემა. ორ ბიჭს პნევმონია აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენის მოლოდინში, მწვრთნელი ბავშვებს მედიტაციას უტარებდა, რამაც შესაძლოა ბიჭებს შედარებით ადვილად გადაატანინა საშინელი სიტუაცია.
"მაპატიეთ, რომ თქვენი შვილები მღვი­მეში შევიყვანე, გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბავშვები კარგად იყვნენ", - ეს წერილი მღვიმიდან 25 წლის მწვრთნელმა გაავრცელა. მშობლების აზრით, ის რომ არა, მათი შვილები უკვე დაღუპულები იქნებოდნენ.

რატომ გარისკა მწვრთნელმა ბავშვების მღვიმეში შეყვანა, როდესაც ივნისიდან სექტემბრამდე ტაილანდი უხვი ნალექით გამოირჩევა, ამაზე ტაილანდურ პრესაში არაფერია ნათქვამი. ამჟამად ექიმები აკვირდებიან ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც, რომელიც პირველადი შეფასებით დამაკმაყოფილებელია.

წერილები მღვიმიდან

პონგი: "დედა, მამა, არ იდარდოთ, კარგად ვართ, ყველას მოკითხვა".

პონგს: "თავს მიხედე და იყავი ძლიერი. ჩვენ გელოდებით და დარწმუნებული ვართ, მშვიდობით დაგვიბრუნდები. მადლობა უთხარი შენს მწვრთნელს, რომ გივლით, ზრუნავს შენზე და შენს
მეგობრებზე. გთხოვ, გადაეცი, რომ არ იდარდოს, ნუ იდანაშაულებს თავს, ყველა მშობელი მადლობას ვუხდით, რომ პატრონობს ჩვენს შვილებს".

ნაითისგან: "მიყვარხართ, დედა, მამა და დაო, არ იდარდოთ ჩემზე, ყველანი მიყვარხართ".

ნაითს: "ჩვენ გელოდებით, საყვარელო, რომ დაბადების დღე გადაგიხადოთ. ჩემო ბიჭო, ეცადე იყო ძლიერი, დედამ იცის, რომ ეს შეგიძლია, ბევრი არ იფიქრო. ჩვენ, შენი ოჯახის წევრები, ყველანი გამხნევებთ, იცოდე".

მარკი: "დედა, სახლში ხარ? როგორ ხარ? მე კარგად, შეგიძლია ჩემი სკოლის მასწავლებელს გადასცე, რომ კარგად ვარ?""

მარკს მშობლებისგან: "ახლა დედა მოვიდა მღვიმესთან და ხელს გიქნევს, ძალიან გვენატრები. შენ მარტო არა ხარ. ძალიან გვიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი".

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?