შეხვედრა შეხვედრისთვის? - რას შეცვლის ტრამპ-პუტინის ჰელსინკური სამიტი? - კვირის პალიტრა

შეხვედრა შეხვედრისთვის? - რას შეცვლის ტრამპ-პუტინის ჰელსინკური სამიტი?

ჰელსინკში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლისთვისაც კარგა ხანია ემზადებოდა მსოფლიო, თუმცა ჯერ სრულიად გაურკვეველია რა შედეგები ექნება ამ შეხვედრას მსოფლიო პოლიტიკისთვის. შეხვედრა მართლაც პირისპირ შედგა და პრეზიდენტების პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლებიც არ დასწრებიან, თუმცა ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ისიც კი დაზუსტებით არავინ იცის, პრეზიდენტებმა ზუსტად რაზე და რა ტონალობაში ილაპარაკეს.

შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე ლიდერი კმაყოფილი ჩანდა, რატომ? -  რთული ასახსნელია.

პრეზიდენტების სრულფასოვანი შეხვედრა ტრამპის გაპრეზიდენტებიდან წელიწადნახევრის, ხოლო პუტინის მეოთხედ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შედგა.

პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად მათთვის ყველაზე ნეიტრალური ქვეყანა ფინეთი დასახელდა. შეხვედრის დრო - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩის დასრულებისთანავე დაიგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე ცდილობდა შეხვედრა საზოგადოებისთვის ძალიან მეგობრულად წარმოედგინა, შეხვედრის წინა დღესაც კი ფონი საკმაოდ მწვავე იყო.

აშშ-ის პროკურატურამ 12 რუსეთის მოქალაქე, რომლებიც მთავარი საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ, აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

აშშ-ის ამ ქმედების შემდეგ, მედიის წინაშე წარსდგა პუტინის წარმომადგენელი იური უშაკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრისას მათი საერთო ბრიფინგი არ გაიმართება, თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ მოუყვანიათ...

ჟურნალისტების თვალს არ გამორჩენია ის ფაქტიც, რომ პუტინი შეხვედრაზე 1 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა. ჩამოფრენიდან ნახევარ საათში, პუტინის კორტეჟი ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში მივიდა.

ჰელსინკმა, თუ წარსულში გორბაჩოვისა და ჯორჯ ბუში უფროსის შეხვედრას მეგობრულად უმასპინძლა, ამ შემთხვევაში საერთოდ არ იყო მეგობრული. ქალაქის ქუჩები დილიდანვე დაიკავეს დემონსტრანტებმა, რომელიც პუტინის ქმედებებთან ერთად, ტრამპის პოლიტიკასაც აპროტესტებდნენ.

ორ პრეზიდენტს შორის  შეხვედრა 1 საათისა და 45 წუთის ხანგრძლივობით იყო დაგეგმილი, თუმცა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა ის იმედოვნებს, რომ სიტუაცია სამიტის შემდეგ შეიცვლება:

"დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, მაგრამ 4 საათის წინ ყველაფერი შეიცვალა. მე ამის მჯერა." - თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტების თქმით, მათ განიხილეს ყველა მწვავე საკითხი, ჩრდილოკორეის ბირთვული იარაღისა და ამერიკაში ჩატარებული არჩევნების ჩათვლით. კონკრეტული დეტალების შესახებ საუბარი კი მათ მომავალში გადადეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრები უფრო ხშირად გაიმართება.

მოგვიანებით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის ვიზიტის მთავარი მიზეზი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირება იყო, რადგან რუსეთსა და აშშ-ს შორის საკმაოდ ბევრი პრობლემა და განსახილველი საკითხი დაგროვდა, მათ შორისაა სიტუაცია სირიაში და უკრაინაში.

ბურთით ხელში მხიარული ფოტოსესიის შემდეგ სამიტი ოფიციალურად დასრულდა. რამდენიმე საათში კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, აგენტია და ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსნისთვის მუშაობდა.

იხილეთ ასევე: შვარცნეგერი ტრამპს: "პუტინთან პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით"

თარგმნა ეკა გადახაბაძემ