პოლიტიკური გაზსადენი, ანუ როგორ იქცა გერმანია რუსეთის "ტყვედ"?!
20-07-2018
პოლიტიკური გაზსადენი, ანუ როგორ იქცა გერმანია რუსეთის "ტყვედ"?!
11-12 ივლისს ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი აშშ-ის პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა იყო.

სამიტის დაწყებამდე დონალდ ტრამპი იენს სტოლტენბერგმა საუზმეზე მიიღო, სადაც ამერიკელმა ლიდერმა ბერლინის მხრიდან პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის შესახებ ისაუბრა და გერმანიას რუსეთის "ტყვე" უწოდა. მისი თქმით, ძალიან უსამართლოა სიტუაცია, როდესაც აშშ რუსეთისგან დასაცავად ევროპისთვის დიდ თანხებს ხარჯავს და რეგიონის უმდიდრესი ქვეყანა გერმანია კი მხარს უჭერს რუსული გაზსადენების მშენებლობას.

"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, საფრანგეთს და დანარჩენ
ქვეყნებს. შემდეგ ისინი გამოდიან და რუსეთთან გარიგებას დებენ, რომელსაც მილიარდები შეაქვს რუსეთის სალაროებში... როდესაც ჩვენ გვთხოვთ რომ ევროპა დავიცვათ რუსეთის აგრესიისგან, თქვენ მას ფულს უხდით. ვფიქრობ, ეს უსამართლობაა..."

დონალდ ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა ნატოს წევრი ქვეყნების ვალდებულებას გაზარდონ მათი თავდაცვითი ხარჯები მინიმუმ მშპ-ის 2%-იან ზღვარამდე.

"ვფიქრობ ამ ქვეყნებმა უნდა დაიწყონ ვალდებულების შესრულება დაუყოვნებლივ და არა 10 წლის შემდეგ. გერმანია მდიდარი ქვეყანაა, თუმცა ამის გაკეთებას 2030 წლისთვის გეგმავს, თან მცირედით. არადა, ხვალვე შეუძლიათ დაფინანსების გაზრდა და პრობლემაც აღარ იქნებოდა... თუ დააკვირდებით, გერმანია რუსეთის ტყვეა. მათ მოიშორეს ქვანახშირის ქარხნები, ბირთვული ელექტრო - სადგურები და რუსეთისგან იძენენ, რაც შეიძლება მეტ ნავთობსა და გაზს. ვფიქრობ, ნატომ ამას უნდა მიხედოს..."

აშშ-ის პრეზიდენტის გაღიზიანება 2017 წელს დაწყებულ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტს უკავშირდება.
"ჩრდილოეთის ნაკადი-2" არის გაზსადენი, რომელიც გერმანიას საშუალებას აძლევს ორჯერ გაზარდოს რუსეთიდან შემოტანილი გაზის ოდენობა. 2017 წელს იმპორტირებული გაზის მოცულობა 53 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის 40%-ს შეადგენდა, ახალი, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"- ის დახმარებით კი წელიწადში დამატებით 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შემოტანას შეძლებს ქვეყანა.
ხსენებული გაზსადენი მოიცავს 1,200 კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც აკავშირებს სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე უსტ-ლუგას მხარეს ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე გრეიფსვალდთან.
მილსადენი ბალტიის ზღვაში გადის და ძირითადად 2011 წლიდან მოქმედი მილსადენის გზას მიუყვება.

2018 წლის მაისში, გერმანიის ხელისუფლებამ უკვე გასცა მშენებლობის დაწყების ყველანაირი ნებართვა და ოფიციალურად დაიწყო კონსტრუქციების აგება მილსადენის ბოლო პუნქტზე, გრეიფსვილდში. შვედეთმა და ფინეთმა ასევე დაამტკიცა პროექტი, თუმცა ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული დათქმებით. სწორედ ფლორასა და ფაუნასთან დაკავშირებული საკითხები გახდა დანიის მხრიდან პროექტის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების მიზეზი. თუმცა პროექტის ორგანიზატორების თქმით, დანიის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზის გამოყენება. პროექტის დასრულება 2019 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

"ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ერთადერთი აქციონერი არის რუსეთის ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომი", რომელიც 9.5 მილიარდი ევროს (11.1 მილიარდი) პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელია. ხარჯებს რაც შეეხება, მასთან ერთად კიდევ 5 დასავლური კომპანია (ENGIE, OMV, Royal Dutch Shell, Uniper and Wintershall) ინაწილებს დანახარჯებს.

ევროპის უკმაყოფილება
"ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის განხორციელებით, აქამდე დაგეგმილი მარშრუტი, რომელსაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე (სლოვაკეთზე და პოლონეთზე) უნდა გაევლო, ნაკლებად რეალური ჩანს, რაც ამ სახელმწიფოებს სატრანზიტო მოსაკრებლიდან მიღებული მოგების გარეშე ტოვებს. უფრო მეტიც, გერმანიასთან, მის უმთავრეს კლიენტთან პირდაპირი კავშირის გამო, რუსეთის ხელისუფლებას უფრო გაუადვილდება აღმოსავლეთ ევროპის გავლით არსებული მილსადენების გათიშვა.
პროექტით უკმაყოფილება არაერთხელ გამოხატა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ მილსადენი მთლიანად გამორიცხავდა ქვეყანას ტრანზიტული სქემიდან, რასაც უკრაინისთვის მილიარდები მოჰქონდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან "ჩრდილოეთის ნაკად -2"- ს რუსეთის მხრიდან გერმანიისთვის "ქრთამი ლოიალობისთვისაც" კი უწოდა.

კრიტიკას პროექტის მიმართ არც ბრიუსელი იშურებს, რამდენადაც მისი ძალისხმევა შეემცირებინა ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე ნაკლებად რეალური ხდება. შესაბამისად ტრამპის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მკვლევარი და ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტებიც იზიარებენ, მათ შორის ბერლინშიც.

გერმანიის არგუმენტები
კრიტიკის საწინააღმდეგოდ გერმანიის კანცლერმა არაერთხელ სცადა დაემტკიცებინა რომ "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ეკონომიკური პროექტია და არაფერი აქვს საერთო პოლიტიკურ შედეგებთან. მეორეს მხრივ, როგორც ევროპარლამენტის გერმანელმა სოციალისტმა წევრმა, მარტინა ვერნერმა განაცხადა, რუსეთის ეკონომიკის გაზრდილმა დამოკიდებულებამ ევროკავშირში გაზის ექსპორტზე შეიძლება პირიქით გაზარდოს მასზე ევროპის ზემოქმედების პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი.

2017 წელს გერმანიის რუსეთში ექსპორტმა მხოლოდ 26 მილიარდი ევრო შეადგინა (მთლიანი ექსპორტის 2%), მაშინ როდესაც გერმანია რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი ბაზარია. გასულ წელს მთლიანმა ექსპორტმა 31.5 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც გერმანიას რუსეთის მესამე დიდ სავაჭრო პარტნიორად აქცევს. ბევრი ექსპერტის აზრით სწორედ 1970 წლიდან დასავლეთ გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის მიმართ დაწყებული პოლიტიკის "Ostpolitik" (განმუხტვის პოლიტიკა) გაგრძელებაა ახლანდელი ხელისუფლების კურსი, რაც გულისხმობს მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების გზით ზეგავლენის მოხდენას პოლიტიკურ საკითხებზე.
ექსპერტების აზრით, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პოლიტიკურ ასპექტებზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ რეალურად გერმანიას არ სჭირდება ორი მილსადენით მიწოდებული გაზის მოცულობა, რომელიც დაახლოებით 110 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რადგან ქვეყანა საშუალოდ, წელიწადში 80 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს ხარჯავს.
აშშ-ის ინტერესი
"ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის დამცველთა აზრით, ამერიკის პროექტთან დაკავშირებულ კრიტიკას უფრო პრაქტიკული საფუძველიც ჰქონდა, რაც გამოიხატება ტრამპის მცდელობაში ხელი შეუწყოს ამერიკული ლიკვიდური ბუნებრივი აირის მიერ ევროპული ბაზრის ათვისებას.
საქმე იმაშია, რომ ამერიკული კომპანიები უკვე იწყებენ გაზის გაყიდვას ევროპის ქვეყნებში, რომელსაც აშშ-ს მთავრობაც აქტიურად უჭერს მხარს.
საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"- ს რამდენიმე სახე აქვს. ერთის მხრივ, გარეგნულად ეს არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც ასახავს ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებს, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით და შევისწავლით კომპანიების წარმომავლობასა და მათი მმართველი პირების ვინაობებს, ჩნდება სხვა, უფრო პოლიტიკურ ქვეტექსტებთან დაკავშირებული კითხვებიც, როგორც გერმანიის, ისე რუსეთის მხრიდან.

თავის მხრივ არც აშშ-ია გამონაკლისი, რომელმაც, გარდა იმისა, რომ ნატოს მხარდამჭერი რიტორიკა აირჩია პროექტის გაკრიტიკებისას, შესაძლოა სხვა წმინდა ეკონომიკური მიზნებიც გააჩნდეს. თუმცა, როდესაც საქმე რუსეთის ხელისუფლებას ეხება, გამოცდილებიდან გამომდინარე, მოლოდინები უფრო ნეგატიური შედეგებისკენ იხრება ვიდრე დადებითი და ბრიუსელიც ხსენებულ გაზსადენს კრიტიკის თვალით უყურებს.

გვანცა კაკაურიძე (სპეციალურად საიტისთვის)


კ ო მ ბ ლ ე
20 ივლისი 2018 15:26
ტრუბა აზანზარებს მსოფლიოს, ცვეულებრივი „ტრუბა“

რედაქტორის რჩევით