"ბავშვი ვერ გადავარჩინე, ჩემს თვალწინ დაიწვა..." - რას ყვებიან საბერძნეთის საშინელ ხანძარზე თვითმხილველები? - კვირის პალიტრა

"ბავშვი ვერ გადავარჩინე, ჩემს თვალწინ დაიწვა..." - რას ყვებიან საბერძნეთის საშინელ ხანძარზე თვითმხილველები?

ფოტოგალერეა

საბერძნეთში გაჩენილ ხანძარზე, რომელმაც 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, სულისშემძვრელ ამბებს წერენ თვითმხილველები სოციალურ ქსელში. მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც არიან.

ნინი მაისურაძე, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი:

- მარათონში ვცხოვრობ. გუშინ მატაში ვიყავი, იმ ადგილას საიდანაც დაიწყო ცეცხლი, იქაურობა უკვე აღარ არსებობს... სადაც ვმუშაობ იმ ადგილისკენ მივდიოდი, როდესაც პოლიციამ ჩამიარა და გამაფრთხილა - იქეთ არ წახვიდე, ცეცხლიაო. ვხედავდი ცეცხლს, მაგრამ არ მეგონა, თუ ისე სწრაფად მომიახლოვდებოდა. მე კი არა, იქ მცხოვრებლებსაც არ ეგონათ - მშვიდად იდგენ და თავიანთ ბაღებში ხეხილს რწყავდნენ, რომ სველ ხეებს ცეცხლი არ მოსდებოდათ... საცხობისკენ ვაპირებდი ჩასვლას და უცებ მოვტრიალდი თუ არა, დავინახე რამდენიმე მეტრში აღმართული ცეცხლი, რომელიც უკან მომყვებოდა... გავიქეცი, მაგრამ არ ვიცოდი საით წავსულიყავი, აქ ახალი ჩამოსული ვარ და გარდა ამისა, ბნელოდა. ცეცხლი, წამებში ისე მომიახლოვდა, რომ სიმხურვალეს ზურგზე უკვე ვგრძნობდი.

შუქიც არ იყო, სადენები დაიწვა და შავ კვამლში გზას ვეღარ ვიკვლევდი... წივილ-კივილი და ბავშვების ტირილი გავიგე და მივხვდი, რომ სანაპიროსკენ მივდიოდი. მატას გაყოლებაზე, ზღვის ნაპირზე 400-ზე მეტი ბავშვი იყო და ადგილიც არ იყო... ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი. ახლაც ცუდად ვხდები, რომ მახსენდება, ბავშვი ვერ გადავარჩინე, ჩემს თვალწინ დაიწვა...

როგორც ჩანს შემდეგ მეც გავითიშე, ძლიერი კვამლის გამო და ღამის 3 საათზე მიპოვა ვიღაცამ... გონს უკვე სასწრაფოში მოვედი. გზები ჩახერგილი იყო და ძლივს იკვლევ-დნენ გზას... მერე მითხრეს, რომ 2-წუთიანმა წვიმამ გადამარჩინა, თორემ ახლა ცოცხა-ლი არ ვიქნებოდი. ახლა მარათონში ვარ, "ადიო ანდრიას" სახელობის საბავშვო ბანაკში. შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და არც ვიცი, ოდესმე გამოვალ თუ არა..."(წყარო)

"ის, რაც დღეს ატიკას რეგიონში ხდება, ნამდვილი ჯოჯოხეთია. ქუჩაში რომ გამოვედი, ირგვლივ უამრავი დამწვარი მანქანა იყო და სახლებს ისევ ჰქონდა ცეცხლი მოკიდებული. გავიარე ქუჩა და ერთ-ერთ ეზოსთან სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ უამრავი ადამიანი იპოვეს დამწვარი.

ზოგიერთ მათგანს ვხედავდი კიდევ, მიწაზე რომ იყვნენ. ხალხის უმეტესი ნაწილი, რომელიც ხანძრისას დაშავდა, ტურისტია. ჩემს ნათესავებსაც ვურეკავდი, თუმცა ისინი ტელეფონს არ პასუხობდნენ.

ირგვლივ ყველგან კვამლი იყო მაგრამ ვხედავდი, რომ ცეცხლი ელექტროსადენებისკენ გადადიოდა", - განაცხადა საბერძნეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ბი-ბი-სი-სთან საუბრისას.

რამდენიმე ადამიანის ცხედარი ერთად ნახეს.

"როგორც ჩანს, ცდილობდნენ საევაკუაციო გზა ერთად ეპოვათ, თუმცა ბავშებთან ერთად იყვნენ და გზა დროულად ვერ აღმოაჩინეს. როცა სიკვდილის მოახლოება დაინახეს, ისინი ინსტიქტურად ჩაეხუტნენ ერთმანეთს",- ამბობს საბერძნეთს წითელი ჯვრის ხელმძღვანელი.

ზოგიერთმა ტურისტმა მოახერხა თავის დაღწევა და ისინი ზღვისკენ გაიქცნენ:

"საბედნიეროდ, ჩვენ ზღვასთან ახლოს ვიყავით, ამიტომ ზღვისკენ გავიქეცით, უკან ყველაფერს დიდი კვამლი ფარავდა.".

"ცეცხლი ზურგს გვიწვავდა და ზღვაში ჩავყვინთეთ, ჩემს თავს ვეუბნებოდი, ღმერთო ჩემო, თავს უნდა ვუშველოთ!"

იხილეთ ასევე: ულამაზესი ბერძნული კურორტის ფოტოები, რომელიც ახლა ცეცხლშია გახვეული