ყველაზე ცხელი წერტილები მსოფლიოში
27-07-2018
ყველაზე ცხელი წერტილები მსოფლიოში
XXI საუკუნე გასული ასწლეულისგან განსხვავებით მასშტაბური ომებითა და დიდ სახელმწიფოებს შორის სისხლისმღვრელი დაპირისპირებებით არ გამოირჩევა, თუმცა, მუდმივი მშვიდობის ერა ჯერ კიდევ არ დამდგარა. ამ წუთასაც, როდესაც სტატიას კითხულობთ, მსოფლიოს არაერთ წერტილში მიმდინარეობს სამოქალაქო თუ რეგიონალური ომები.

ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკული ცენტრის, CFR - ის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 6 სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რომელთაგან იემენში, სამხრეთ სუდანსა და ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებები საკმაოდ კრიტიკულ ფაზაშია შესული და მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებს წარმოადგენენ.

იემენში შიიტმა მეამბოხეებმა
აჯანყება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყეს სუნიტური მთავრობის წინააღმდეგ და კონტროლი დაამყარეს იემენის დედაქალაქ - სანააზე. მათი მთავარი მოთხოვნა საწვავზე ფასების შემცირება და მთავრობის გადადგომა იყო. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს პრეზიდენტის სასახლე და პრეზიდენტიც და მთავრობაც აიძულეს გადამდგარიყვენენ. უკვე 2015 წლის მარტში, სპარსეთის
ყურის სახელმწიფოებისგან შექმნილმა კოალიციამ, საუდის არაბეთის მეთაურობით, საჰაერო იერიში მიიტანა მეამბოხეთა ლოკაციის ადგილებზე. აქედან მოყოლებული, მიუხედავად მთელი რიგი მცდელობებისა რომ მშვიდობა დამყარებულიყო ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებსა და აჯანყებულებს შორის, რეალური შედეგების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. მდგომარეობას, როგორც ყოველთვის გარე ძალების მიერ სხვადასხვა მხარეების ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერაც ართულებს. კერძოდ, ერთი მხრივ საუდის არაბეთისა და მეორე მხრივ ირანის მონაწილეობა კონფლიქტში, ქვეყნის სუნიტ და შიიტ მომხრეებად დაყოფის საფრთხეს შეიცავს.

იემენის სამოქალაქო ომი თავისი მასშტაბებით საკმაოდ შემაშფოთებელია. 2015 წლის მარტიდან დღემდე, საბრძოლო მოქმედებებსა და ტერორისტულ აქტებს დაახლოებით 16,200 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 22,2 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს და დროებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს.

ლიბიაში უკვე 4 წელია რაც შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს ორ ფრაქციას შორის, რომლებიც ქვეყნის ნავთობსა და ტერიტორიაზე კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ქვეყანაში დიდი ხანია გააქტიურდნენ ჯიჰადისტები, რომელთა შორისაა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ინიციატორი ლიბიური ტერორისტული ჯგუფი - ანსარ ალ-შარიაც. სწორედ შიდა არეულობის ფონზე, ლიბია ხელსაყრელ ჰაბად გადაიქცა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისთვის რეგიონალური შეტევების საკოორდინაციოდ.

ომის შედეგად დღემდე სახეზეა 43,133 ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი, ხოლო დროებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 217,022-ს აღწევს.
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის გარდა, ომები არც კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში ცხრება.

ამჟამად ყველაზე კრიტიკულ ფაზაშია შესული სამოქალაქო ომი სამხრეთ სუდანში. 2013 წელს დაწყებულ ომს დღემდე 50,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა და 4 მილიონამდე პირი დროებით გადაადგილებულად ითვლება. მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, მშვიდობა დამყარებულიყო პრეზიდენტის მომხრეებსა და მეამბოხეებს შორის, შეიარაღებული დაპირისპირებები დღემდე გრძელდება. ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხემ, გაერო აიძულა 4,000-მდე რეგიონალური თავდაცვითი ძალები გაეგზავნა ქვეყანაში. დღეისთვის სამხრეთ სუდანში უკვე 16, 987 გაეროს მშვიდობისმყოფელი იმყოფება, თუმცა მშვიდობის მიღწევა მაინც ვერ ხერხდება.

სამოქალაქო ომების გარდა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, მექსიკაში უკვე 12 წლის განმავლობაში არსებული კრიტიკული სიტუაცია, რაც უკავშირდება კრიმინალურ დაპირისპირებებს, და რომელსაც დღემდე 80,000-100,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მექსიკაში ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ნარკოტიკული ქსელი. ორგანიზებულმა დანაშაულმა მას შემდეგ მიიღო მასშტაბური ხასიათი რაც 1980 წელს დაიშალა კოლუმბიის კარტელები და მექსიკელებმა შეითავსეს მომმარაგებლებისა და კურიერების როლი. აქედან მოყოლებული სხვადასხვა ჯგუფები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს კონკურენციის შესამცირებლად. თუმცა, უშუალოდ მსხვერპლთა დღეისთვის არსებულ მასშტაბებს რაც შეეხება, ყველაფერი 2006 წელს მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის, ფელიპ კალდერონის ინიციატივას უკავშირდება. კერძოდ, მან აქტიურად დაიწყო ბრძოლა კარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით, რამაც კრიმინალების გარდა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

ფაქტია, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში მიმდინარეობს სამოქალაქო ომები, შეიარაღებული დაპირისპირებები; სახეზეა გაყინული და მოუგვარებელი კონფლიქტები; პოლიტიკური თუ სამხედრო კრიზისები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საჭიროებს დროულ გადაჭრას. თუმცა ცალკეული ქვეყნების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი არ არის პრობლემების ყველას სასიკეთოდ გადაწყვეტა.

წყარო

გვანცა კაკაურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

რედაქტორის რჩევით