როგორ გახდა უდიპლომო ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - სომხეთის პირველი პირის ბობოქარი ცხოვრება - კვირის პალიტრა

როგორ გახდა უდიპლომო ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - სომხეთის პირველი პირის ბობოქარი ცხოვრება

რამდენიმე თვის წინ ნიკოლ ფაშინიანი სომეხი ოპოზიციონერი გახლდათ, დღეს კი ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. ყველაფერი კი 2018 წლის აპრილიდან დაიწყო, როდესაც პროტესტი პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის პრეზიდენტის პოსტიდან პრემიერის თანამდებობაზე გადასვლას მოჰყვა და ერევნის გარდა, სომხეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა "ხავერდოვანი რევოლუცია" დაიწყო და შედეგიც მიიღო, სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა, ცოტა ხანში კი ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს...

ფოტოგალერეა

ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი? სომხური ოპოზიციის მომავალი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი 1975 წლის 1 ივნისს პატარა სომხურ ქალაქ იჯევანში დაიბადა. ერთი ვერსიის თანახმად, მამამისი მასწვალებლად მუშაობდა, ხოლო სხვა ინფორმაციით, პარტიულ-საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენელი იყო. დედა დიასახლისი გახლდათ. ნიკოლს ორი უფროსი ძმა ჰყავს - არმენი და არტაკი.

როგორი იყო ნიკოლის ბავშვობა, რა უყვარდა, რაზე ოცნებობდა, როგორი იყო მისი ურთიერთობა ოჯახთან და თანატოლებთან, ბევრი არაფერია ცნობილი.

1991 წელს ფაშინიანმა დაამთავრა იჯევანის ნომერ პირველი სკოლა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. ბევრი წლის შემდეგ ნიკოლმა სოციალურ ქსელში სტუდენტური მოწმობის ამსახველი ფოტო ატვირთა, რომლითაც საზოგადოებამ გაიგო, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი გახლდათ.

"ის ყოველთვის სიმართლის მხარეს იყო, - ამბობს ნიკოლის თანაკურსელი, ალინა ორდიანი - მას სწამდა, რომ ყოველთვის მართალი იყო და ჰქონდა იმის ინტელექტი, რომ საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა". სხვა სტუდენტებიც ნიკოლ ახასიათებენ, როგორც ქარიზმატულ ლიდერს.

ლექციების პარალელურად, ფაშინიანი რამდენიმე ადგილობრივ გაზეთში კორესპონდენტად მუშაობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას უმაღლესი განათლების დიპლომი არ მიუღია, რადგან მეოთხე კურსზე იყო, როცა უნივერსიტეტიდან გააძევეს. ამის მიზეზად განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. შესაძლოა ეს მოხდა ოპოზიციურ პრესასთან თანამშრომლობის გამო, ანდაც იმიტომ, რომ ერთდროულად სწავლისა და მუშაობისთვის დრო არ ჰქონდა. ამის გამო მას უმაღლესი განათლების დიპლომი დღემდე არ აქვს. ამ ცოტა ხნის წინ, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიმზადყოფნა გამოთქვა, 23 წლის წინ გარიცხული ნიკოლ ფაშიანიანი აღადგინოს და დიპლომიც გადასცეს.

ნიკოლს სამხედრო სამსახური არ გაუვლია, რადგან ამისგან გაათავისუფლეს, მიზეზი კი იყო ის, რომ მისი ორივე ძმა უკვე ნამყოფები იყვნენ ყარაბაღის ომში.

ჟურნალისტური კარიერა

1992 წლიდან ფაშინიანმა ჟურნალისტიკაში დაიწყო მოღვაწეობა. მისი პირველი სტატიები დაიბეჭდა გაზეთ "ავანგარდში", შემდეგ იყო სხვადასხვა გამოცემები. მოგვიანებით გახდა გაზეთ "მოლორაკის" მთავარი რედაქტორი.

1998 წელს ფაშინიანმა დაარსა ოპოზიციური გამოცემა "ორაგირი". გაზეთი გამოდიოდა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. 1999 წელს მორიგი სკანდალური პუბლიკაციის შემდეგ მას ცილისწამების ბრალდებით ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ასევე დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა.

ერთი წლის შემდეგ ის მიიწვიეს "სომხეთის დროს" მთავარ რედაქტორად, თუმცა მის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი მაინც მიმდინარეობდა.

რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალისტმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. თუმცა ჟურნალისტიკას ბოლომდე არ მოშორებია -  გამოცემა "სომხეთის დრო" საოჯახო საქმედ იქცა, მას 2008 წლიდან მისი მეუღლე ანა ხელმძღვანელობს.

პოლიტიკური საქმიანობა

2006 წელს ფაშინიანმა და მისმა იდეოლოგიურმა თანამოაზრეებმა დაარსეს ბლოკი "იმპჩმენტი", რომლის მისიაც პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან დაპირისპირება იყო.

2007 წლის 12 მაისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რამდენიმე დღეში კი ფაშინიანმა ერევანში გაფიცვები დაიწყო. ნიკოლი ამბობდა, რომ ის აპროტესტებდა არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც მოქალაქე, რომლის უფლებებიც დაირღვა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფაშინიანი ლევონ ტერ-პეტროსიანის გულმხურვალე მხარდამჭერი გახლდათ, მაგრამ მან სერგ სარგსიანთან წააგო. დაიწყო მასობრივი არეულობა ფაშინიანის მონაწილეობით, რომლის დროსაც ათი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ამის შედეგად ნიკოლ ფაშინიანზე ძებნა გამოცხადდა. მომდევნო 6 თვე მან მიმალვაში გაატარა. როგორც ამ პერიოდზე ფაშინიანის მეუღლე ამბობს, იმ დროს უსაფრთხოების ერთ-ერთი ოფიცერი, ფაქტობრივად, მათი საცხოვრებელი სახლის კორპუსში ცხოვრობდა, რადგან მათზე 24-საათიანი თვალთვალი მიმდინარეობდა.

2009 წელს ფაშინიანი ხელისუფლებას ნებაყოფლობით ჩაბარდა. 2010 წელს მას, საპროეტესტო გამოსვლების ორგანიზატორობის ბრალდებით, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით საპატიმრო ვადა სასამართლომ 4,5 წლამდე შეამცირა, ხოლო 2011 წლის გაზაფხულზე ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ციხეში ნიკოლი დროს უქმად არ კარგავდა და ინგლისურს სწავლობდა. არსებობს მოსაზრება, რომ პატიმრობამ მისი პოპულრობა ოპოზიციურ წრეებში უფრო გაზარდა. ნიკოლ ფაშინიანი ცოლთან ერთად ერევანში გამართულ აქციაზე

2013 წელს ფაშინიანმა შექმნა პარტია "სამოქალაქო შეთანხმება", ცოტა ხანში კი სხვა პარტიებთან ერთად ჩამოაყალიბა ალიანსი "გამოსვლა", რომელიც ევროპული კურსის მომხრე იყო და ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ ილაშქრებდა.

2017 წელს ფაშინიანი პარლამენტის წევრი გახდა, იმავე წელს სომხეთის დედაქალაქში მერობისთვის იბრძოდა, თუმცა ტარონ მარგარიანთან დამარცხდა.

პირადი ცხოვრება

ჰყავს ცოლი ანა ფაშინიანი. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. 3 ქალიშვილი - მარიამი, შუშანა, არპინა და ვაჟი - აშოტი. პოლიტიკოსს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი  არ უყვარს.

პრემიერის ვაჟი აქტიურად იღებდა მონაწილეობას მამის მიერ ორგანიზებულ აქციებში.  აშოტი გეგმავს, რომ საქმიანობა პოლიტიკაში გააგრძელოს. 2018 წლის ივლისში ის თავისი სურვილით ყარაბაღში სამხედრო სამსახურში გაემგზავრა.

ნიკოლი როკ მუსიკის გულშემატკივარია, ერევანში უკანაკსნელმა არეულობამ ის ჯგუფ System of a Down-ის სოლისტთან სერჟ თანქიანთან "დაამეგობრა".

მისი მეუღლის, ანა აკოფიანის თქმით, ოჯახში ტიპური ატმოსფერო სუფევს. "ტრადიციული სომხური ოჯახი გვაქვს".

"როდესაც ჩემი ქმარი პრემიერ-მინისტრი გახდა, მივხდი, რომ არ მქონდა უფლება "პირველი ლედის" სტატუსზე უარი მეთქვა, რადგან ამას საზოგადოება მოითხოვდა. თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, ცოტა გაუგებარია ვის ეკუთვნის ეს სტატუსი. უკვე გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობები პირნათლად უნდა შევასრულო".

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)