"აშშ-მ ამ ნაბიჯით უპატივცემულობა გამოავლინა, ამიტომ..." - რას აპირებს ერდოღანი? - კვირის პალიტრა

"აშშ-მ ამ ნაბიჯით უპატივცემულობა გამოავლინა, ამიტომ..." - რას აპირებს ერდოღანი?

თურქეთის ხელისუფლება თურქეთში აშშ-ს იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების მდივნების აქტივებს გაყინავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"აშშ-ს ბოლო ქმედება პასტორ ბრანსონთან დაკავშირებულ საქმეზე არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორის ქმედებას. აშშ-მ ამ ნაბიჯით უპატივცემულობა გამოავლინა. ჩვენ მოთმინება გამოვიჩინეთ. თუმცა, დღეს, ჩვენ გავყინავთ აშშ-ს იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების მდივნების აქტივებს თურქეთში“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

1-ელ აგვისტოს, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამით გიულსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაკავებასთან დაკავშირებით. პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება.

ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები "მაგნიტსკის გლობალური აქტის“ ფარგლებში დაუწესა, რომელიც მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც გარეული არიან კორუფციაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება და ვაშინგტონს მოუწოდა, უარი თქვას მასზე, ვინაიდან "ეს აგრესიული პოზიცია, რომელიც არავის ინტერესებს არ პასუხობს, არ დარჩება საპასუხო რეაგირების გარეშე“.

"ინტერპრესნიუსი"