მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

ჰიროსიმის დაბომბვის წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებებში პირველად მიიღო მონაწილეობა აშშ-ის წარმომადგენელმა, ამერიკის ელჩმა იაპონიაში ჯონ რუსმა.

თავიანთი დიპლომატები ასევე პირველად გაგზავნეს ამომავალი მზის ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის მოკავშირეებმა - დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც.

ჰიროსიმა და ნაგასაკი 1945 წლის 5 და 9 აგვისტოს დაიბომბა, რამაც 210 ათასი კაცის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 140 ათასი ჰიროსიმაში დაიღუპა.

ხანძარმა მოსკოვი კინაღამ რაკეტული დარტყმისაგან დაუცველი დატოვა. პოდმოსკოვიეში, რაკეტული თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი მთავარი ცენტრის სამხედრო ნაწილის მახლობლად ცეცხლი მოედო საკმაოდ დიდ ტერიტორიას. სამხედრო ნაწილის მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს ხანძარი. მსხვერპლი არ არის.

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების პრესსამსახურის განცხადებით, ბირთვული საბრძოლო მარაგი, რაკეტები და სარაკეტო კომპლექსების სხვა ელემენტები საიმედოდ არის დაცული ხანძრებისაგან. უფრო ადრე, "როსატომმაც" გააკეთა განცხადება, რომ ბირთვულ ობიექტებს არაფერი ემუქრება. ეს საკითხი იმასთან დაკავშირებით წამოიჭრა, რომ ტყის ხანძრები მიუახლოვდა საროვში ბირთვულ ცენტრს, თუმცა იქიდან უკვე გაიტანეს ყველა ფეთქებადი ნივთიერება, ამიტომ ბირთვული აფეთქების საშიშროება არ არსებობს.

ივლისის დამლევს კოლომენის რაიონში ცეცხლში ჩაიწვა რფ სამხედრო-საზღვაო ფლოტის საავიაციო-ტექნიკური ბაზა. ხანძარმა გაანადგურა 20 მლრდ რუბლის ღირებულების ავიატექნიკის 200 ერთეული. მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გაათავისუფლა სამხედრო საზღვაო ფლოტის ზურგის სამსახურის უფროსი ს. სერგეევი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზღვაო ავიაციის უფროსი ნ. კუკლევი, ბაზის უფროსი, სადაც მოხდა ხანძარი, აგრეთვე რამდენიმე სხვა დიდი სამხედრო მოხელე.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლ. პუტინმა დროებით აკრძალა მარცვლეულის ექსპორტი, რადგან საშინელმა გვალვამ გაანადგურა მოსავლის ძირითადი ნაწილი.

მთავრობის სხდომაზე პუტინმა განაცხადა: - ვფიქრობ, გონივრული იქნება, თუ დროებით ავკრძალავთ მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა საქონლის ექსპორტს. ჩვენ ვერ დავუშვებთ შიდა ბაზარზე მათ გაძვირებას. გარდა ამისა, უნდა შევინარჩუნოთ მსხვილფეხა საქონელი.

ვლ. პუტინის პრესმდივნის განცხადებით, აკრძალვა ძალაში შევა 15 აგვისტოდან. ამ შეტყობინების გამოქვეყნებისთანავე ხორბლის ფასი მაღლა ავარდა. საფრანგეთში ერთი ტონა ევროპული ხორბალი დაახლოებით 222,75 ევრო ღირდა, ერთ დღეში კი 6,6%-ით გაძვირდა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, წლევანდელმა მოსავალმა შეიძლება 70-75 მლნ ტონა შეადგინოს (ორი კვირის წინ 85 მლნ ტონას ვარაუდობდნენ). მსოფლიოს ნედლეულის უმსხვილეს ბირჟაზე, გლენცორე-ზე გაისმა გაფრთხილება, რომ მოსავალი რუსეთში შეიძლება 63 მლნ ტონამდე შემცირდეს. შარშან რუსეთში თითქმის 100 მლნ ტონა მარცვლეული მოიწიეს", - იტყობინება Financial Times-ი.