დემოკრატიის "გადატვირთვა" - კვირის პალიტრა

დემოკრატიის "გადატვირთვა"

რუსეთში ავტორიტარიზმი ძალას იკრეფს, დემოკრატია საფრთხეშია, პასუხგაუცემელია კითხვა, თუ ვის მხარესაა ვაშინგტონი.

რუსეთში პრეზიდენტ ობამას "გადატვირთვის" ძალისხმევას, შეიარაღების შემცირებაზე, ახალი ხელშეკრულება და მოსკოვის მხრიდან ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მხარდაჭერა მოჰყვა.

რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, რუსეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობების დამყარება, მაგრამ მოსკოვში შეთანხმება ხომ პრეზიდენტმა ბუშმაც გააფორმა, რომლის თანახმადაც უფრო მეტი იარაღი ნადგურდებოდა, ვიდრე ამ ახალი ხელშეკრულებით, ხოლო კრემლმა მისი მმართველობის დროს გაეროს სანქციების რამდენიმე პაკეტს დაუჭირა მხარი. მთავარი სხვაობა ის არის, რომ ობამას ადმინისტრაციას არ სურს იმ საკითხების წამოჭრა, რომელიც რუსეთის უმაღლეს ლიდერს, პუტინს აღიზიანებს.

ამერიკის თავშეკავებულობა კრემლს მომიტინგეთა დარბევის საშუალებას აძლევს. ყოველი თვის 31 რიცხვში დემოკრატიული და უფლებადამცველი ორგანიზაციები კრემლის მიერ იგნორირებული რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მხარდასაჭერად, რომელიც შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს, მიტინგებს მართავენ. მიტინგი ზედიზედ უკვე მეცხრედ აკრძალეს და ძალის გამოყენებით დაარბიეს.

ბრეჟნევის ეპოქის მსგავსად, ახალმა კანონმა უშიშროების კომიტეტის შთამომავალს ნებისმიერის დაპატიმრების უფლება მისცა. ეს არა მხოლოდ შეურაცხყოფს ამერიკის პრინციპებს, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს ურთიერთობას. რუსეთთან, რომელიც რეპრესიებს აწარმოებს, საერთოდ არ შეიძლება საქმის დაჭერა.

კაიროში, ობამას მიერ წარმოთქმული ლამაზი სიტყვებით შთაგონებული არაბები ასევე იმედგაცრუებულები არიან.

ეგვიპტემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა (რომელიც უკვე 29 წელია, მოქმედებს) კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა, აშშ-ს სიტყვა არ დაუძრავს. დემოკრატიზაციის პროგრამები იორდანიაშიც შემცირდა. შემაშფოთებელია, რომ სამხრეთ ამერიკაში ყველაფერი ძველებურადაა. ახლა ვენესუელას, ბოლივიას, ეკვადორს და (როგორც ყოველთვის) კუბას დიქტატორები მართავენ. ისევე როგორც არაბულ სამყაროში, აშშ-მა იქაც შეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ავტორიტარებთან მოლაპარაკებას შეეცადა.

ირანში მაჰმუდ აჰმადინეჟადმა "მწვანე რევოლუცია" ჩაახშო და თავის ატომურ პროექტზე მოლაპარაკებებში აშშ გააცურა. პეკინმა გაბედა და დისიდენტებთან ბრძოლა წამოიწყო. არ შეშინებია, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ამისთვის გაკიცხავდა.

ობამას ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა, შესაძლოა უკვე დაიწყო გადატვირთვის“ ხარვეზების გაცნობიერება. ივლისში, კლინტონმა პოლონეთში კონკრეტულად ჩამოთვალა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ვენესუელა, ეგვიპტე და ეთიოპია. მან ჩერჩილის ნათქვამი გაიხსენა, "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რკინის მარწუხები, რითაც მთელი მსოფლიოს სახელმწიფოები ნელ-ნელა ანადგურებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის სულს".

საერთაშორისო ვითარებაში საკმაოდ ცხადი და შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთა. უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც სულ უფრო მეტ სახელმწიფოში პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების უკუსვლა და არა ზრდა შეიმჩნევა, რაც ნათქვამია Fრეედომ Hოუსე-ის ყოველწლიური ანგარიშის 2010 წლის გამოცემაში. ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს მთელი მსოფლიოს ხალხების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ