ევროკავშირი, ნატო და გერმანია ერთიანდებიან - კვირის პალიტრა

ევროკავშირი, ნატო და გერმანია ერთიანდებიან

ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ამერიკის ცენტრალურ როლს აღარ აღიარებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი-ქვეყნები ბლოკის ახალ კონცეფციაზე მუშაობდნენ. სწორედ ამას უკავშირდება ალიანსის განახლების მცდელობები და მისთვის ადგილის ძიება თანამედროვე ქაოსურ მსოფლიოში, სადაც ძალთა გლობალურ განლაგებაში არც ერთი ზესახელმწიფო წამყვან როლს არ თამაშობს. ამ მოსაზრებას ბევრი გააპროტესტებს და იტყვის, აშშ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ რჩებაო.

ამერიკელების ბრძოლის ჟინი, ისევე როგორც მათი ეკონომიკა, სერიოზულად დასუსტდა. ეს უპირობოდ ასუსტებს ამერიკის ძალას ყველგან, სადაც ის იმყოფება. ამ სამწუხარო მდგომარეობას ამძიმებს პრეზიდენტის საჯარო განცხადებები, რომელიც, ჩანს, არც ერთი თვალსაზრისით არ აპირებს ამერიკის დიდების აღდგენას. ევროპული ქვეყნები მიხვდნენ, რომ ზესახელმწიფო, რომელიც მათ ომის შემდეგ იცავდა, სცენას ტოვებს და სურთ, ნატოს ახალი სული შთაბერონ, რათა კონტინენტის საგარეო საფრთხეთაგან დაცვა უზრუნველყონ.

ცივი ომის შემდეგ ალიანსში გაწევრებული ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების წყალობით, რომელთაგან ბევრი ევროკავშირშიც შევიდა, ნატოს წევრთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ახლა ნატოსთან კავშირს რუსეთიც კი ესწრაფვის და გერმანიაც მხარს უჭერს, რადგან ფიქრობს, რომ თავის აღმოსავლეთ საზღვრებს წარსული პრობლემების გამეორებისგან დაიცავს. The Economist-ი წერს: "ნატომ და რუსეთმა აღადგინეს საქართველოში ომის შემდეგ შეწყვეტილი სამხედრო კონტაქტები და მხარეებმა XXI საუკუნის საფრთხეების ერთობლივ განხილვაზე მოილაპარაკეს".

ევროკავშირის და ნატოს პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამერიკის მიერ კონტინენტზე მისი სამხედრო ყოფნის შემცირების ფონზე. ევროკავშირი და ნატო ხელს აწერენ ხელშეკრულებებს, რომლებიც ალიანსის ინფრასტრუქტურას ევროკავშირისთვის ხელმისაწვდომს გახდის. უამისოდ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად წარმართოს სამშვიდობო ოპერაციები, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში. ამგვარად, ნატო ევროკავშირის სამხედრო მანქანად გადაიქცა, რომლის დახმარებითაც ბლოკს თავისი იმპერიალისტური გეგმების განხორციელება შეეძლება.

ივლისში კანცლერმა ანგელა მერკელმა  სრულად დაუჭირა მხარი გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოსაზრებას, ბუნდესვერის რეფორმის სამი პროექტის განსახილველად წარდგენის შესახებ. როდესაც რეფორმებზეა საუბარი, გერმანიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ხელმძღვანელობის ძველი სტრუქტურის აღდგენა განიხილება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეთა ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ეს სტრუქტურა განადგურებული იყო და არასდროს აღარ უნდა აღდგენილიყო.

ახლა ომის შემდგომი პერიოდის დაპირებები უკვე დაივიწყეს და აი, ყველაფერი მეორდება. ბოლო 100 წლის განმავლობაში უკვე მესამედ, გერმანიის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა შეიძლება სათავეში ჩაუდგეს განახლებულ, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ გერმანულ სამხედრო მანქანას, რომელიც აქცენტს სხვის ტერიტორიაზე სწრაფი რეაგირების უნარზე აკეთებს.

ამგვარად, რაც უფრო ახლოვდება ნატოს საკვანძო, ნოემბრის სამიტი, ვხედავთ, რომ ორი მთავარი სტრუქტურა - ევროკავშირი და ნატო საკუთარ მიზნებს აერთიანებენ, ხოლო მათ უკან დგას გერმანია, რომელიც აგრესიულად აახლებს თავის სამხედრო მანქანას.

რატომ არის გერმანია ასეთი მნიშვნელოვანი ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურისთვის?

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ მთელი ევროკავშირი ფაქტის წინაშე დააყენა, როდესაც გერმანიისთვის ევროკავშირის გადაწყვეტილების ჩაშლის შესაძლებლობა ოფიციალურად შექმნა.

საუბარია ევროპული ძალების ბრძოლაში ჩართვის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ერთხმად უნდა მიიღებოდეს. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლოდ გერმანიაა ვალდებული, მსგავსი წინადადება თავის ეროვნულ მთავრობას წარუდგინოს, რაც ფაქტობრივად იმის გადაწყვეტის საშუალებას აძლევს, თუ როდის და როგორ უნდა ჩაერთონ  ბრძოლაში ევროკავშირის გაერთიანებული ძალები.

როგორც თავის დროზე ნატოს პირველმა გენერალურმა მდივანმა ლორდმა სიმეიმ განაცხადა, "ანგლოსაქსებმა ალიანსი იმისთვის შექმნეს, რომ რუსები გარეთ ჰყოლოდათ, ამერიკელები შიგნით, ხოლო გერმანელები - ქვემოთ".

თუმცა მთავარი პარადოქსი ის არის, რომ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ევროკავშირის უსაფრთხოების ამოცანებთან და გერმანიის ახალ სამხედრო ორგანიზაციასთან  ერთად იმით დასრულდება, რომ რუსეთთან  შეიქმნება ალიანსი, ამერიკელები გარეთ აღმოჩნდებიან, გერმანია კი - სათავეში!

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი