"ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან" - რას ამბობს იტალიის ტრანსპორტის მინისტრი? - კვირის პალიტრა

"ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან" - რას ამბობს იტალიის ტრანსპორტის მინისტრი?

ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან, - ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, Autostrade per l'Italia-ს ხელმძღვანელობამ, რომელსაც იტალიში საავტომობილო გზების მართვა და ექსპლუატაცია აკისრია, თავისი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც უნდა გადადგეს.

"ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან. ის, ვინც დამნაშავეა ამ ტრაგედიაში, დაისჯება. ჩვენ დიდ ფულს ვუხდით კომპანიებს, რომლებიც ჩვენს მაგისტრალებს მართავენ, ხოლო ისინი კი სასაცილო თანხებს იხდიან ლიცენზიისთვის. ისინი მილიარდებს შოულობენ და გადასახადის სახით მხოლოდ რამდენიმე მილიონს იხდიან და თავიანთ ვალდებულებებსაც კი არ ასრულებენ", - დაწერა იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ქალაქ გენუას პრეფექტურის ბოლო მონაცემებით, გუშინ ხიდის ჩამონგრევის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 31 ადამიანზე, მათ შორის 3 ბავშვზე.

ინციდენტის ადგილზე ამ დროისთვის 400 მაშველი მუშაობს. ნანგრევებიდან 16 ადამიანი უკვე გამოიყვანეს, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან. გენუას პრეფექტურის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.