"უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მამაკაცია. მას ეშინია საკუთარი სისუსტის" - რას ამბობენ მასზე მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები? - კვირის პალიტრა

"უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მამაკაცია. მას ეშინია საკუთარი სისუსტის" - რას ამბობენ მასზე მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები?

ფოტოზე: ვლადიმირ პუტინი

რატომ მიიჩნევა პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად?

2013 წლიდან მოყოლებული 2016 წლის ჩათვლით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ფორბსის" მიერ 4-ჯერ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად. წელს ამ ტიტულს მას ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ეცილება და პუტინს მეორე ადგილს უთმობს.

პუტინის მიერ უპრეცედენტოდ, ზედიზედ 4-ჯერ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანის ტიტულის მოპოვება ბადებდა კითხვას თუ როგორ შეიძლებოდა არც თუ ძლიერი (ყოველ შემთხვევაში აშშ-ზე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე ძლიერი) ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონოდა ასეთი სტატუსი. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოს მეთაურის სიძლიერე ქვეყნის ძლიერებასთან ერთად განისაზღვრება მისი უნარით, ზეგავლენა მოახდინოს გარშემომყოფებზე და ერთპიროვნულად უზრუნველყოს საკუთარი ძალაუფლების რეალიზება სხვადასხვა ინსტიტუტების, პარტიებისა თუ პოლიტიკური ძალებისგან შეუზღუდავად. სწორედ ამიტომ, ცხადი ხდება თუ რატომ ინარჩუნებდა პუტინი 4 წლის განმავლობაში ამ ტიტულს.

რუსეთის პრეზიდენტმა შექმნა "ვერტიკალური ძალაუფლების" ისეთი ფენომენი, რომელსაც სხვა ძლიერ სახელმწიფოებში ძნელად თუ შეხვდებით. როგორც რუსი მოჭადრაკე და პუტინის ოპონენტი გარი კასპაროვი აღნიშნავს, რუსული პოლიტიკური ძალაუფლების მთლიანი სტრუქტურა ერთ კაცს ემყარება. ამასთან ერთ-ერთ სტატიაში, "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტმა, ფარიდ ზაკარიამ შენიშნა, რომ სწორედ პუტინის ერთპიროვნული მართვის გამო, ძნელი წარმოსადგენია ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი მომავალში.

"როდესაც მეფე იღუპებოდა, იცოდი რომ მის ადგილს მემკვიდრე დაიკავებდა. როდესაც საბჭოთა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი დაიღუპებოდა, მის შემცვლელს პოლიტბიურო და მუდმივმოქმედი კომიტეტი ირჩევდა. მაგრამ ამ შემთხვევაში როდესაც პუტინი დაიღუპება, რა მოხდება?"

პუტინის პოლიტიკური ფილოსოფია ხელისუფლების ცენტრალიზაციას ეფუძნება. მას მიაჩნია, რომ ლიბერალური დემოკრატია ქაოსისკენ უბიძგებს ქვეყანას, მით უმეტეს მაშინ როდესაც, არ არსებობს თანხმობა და ნდობა სოციუმში. მისი აზრით, განსხვავებით ლიბერალური დემოკრატიისგან, სადაც ადამიანი კონსტიტუციას უნდა ემორჩილებოდეს და მისი ერთგული იყოს, ავტორიტარულ რეჟიმში ეს ლოალური დამოკიდებულება პიროვნების წინაშე უნდა ვლინდებოდეს.

როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ ფიში აღნიშნავს, "პუტინი არ არის რუსეთის ყველაზე ცნობილი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ის უბრალოდ რუსეთის ერთადერთი პოლიტიკოსია".

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ლიდერის პოლიტიკა ვერ უძლებს კრიტიკას დასავლეთისგან, ქვეყნის მოსახლეობა ბოლომდე რჩება მისი კურსის ერთგული. საქმე იმაშია, რომ პუტინი იცნობს საკუთარ ხალხს. კომუნიზმის კოლაფსისა და ელცინის დროს არსებული ქაოსის შემდეგ, პუტინის მოსვლამ, შედარებითი სტაბილურობის დამყარებამ და მსოფლიო ასპარეზზე რუსეთის კვლავ გამოჩენამ, გაზარდა ხალხში მისდამი პატივისცემა და მორჩილება. მათთვის წესრიგი ასოცირდება ქვეყნის მეთაურის ერთპიროვნულ მმართველობასა და რეპრესიული მექნიზმების მოქმედებასთან.

მეთაურის ფენომენი, გამიჯნულია სხვა რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკების მოქმედებისგან. ამას ისიც ემატება, რომ მოსახლეობაში არსებული სოციალური განწყობები სრულად შეესაბამება ომის ფსიქოლოგიას (თუ დავაკვირდებით პუტინის პრეზიდენტობის თითქმის ყველა ეტაპზე ქვეყანა აწარმოებდა ომებს - ჩეჩნეთთან, საქართველოსთან, უკრაინასთან, სირიაში).

ამდენად, პუტინი იცნობს საკუთარ ხალხს, იცნობს მსოფლიოსაც და შესაბამისად, არასდროს მიდის პირდაპირ კონფრონტაციაზე არც ევროპასთან და არც ამერიკასთან. იგი აქცენტს ასიმეტრიული ძალების გამოყენებაზე აკეთებს (განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებთან), წარმატებით იყენებს კიბერთავდასხმის მეთოდებსა და ინფორმაციული პროპაგანდის საშუალებებს.

პუტინი არ ერიდება ძალის დემონსტრირებას ნებისმიერ სიტუაციაში და ცდილობს გარშემომყოფებზე ზეგავლენის მოხდენას. ამას მასზე მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული შეფასებებიც ცხადყოფს.

მაგალითად, ტრამპისა და პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ამერიკულ ტელე - შოუში, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მას წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ლიდერთან. ვლადიმირ პუტინი აშშ-ის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსთან ერთად

"ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი ყოველთვის ბოლომდე მიაწვება, ეცდება ბოლომდე გაიტანოს, ვიდრე ვინმე მას წინ არ აღუდგება... ის ძალიან აგრესიული პიროვნებაა და სურს საბჭოთა გავლენის აღდგენა, ამიტომაც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესია მის წინაშე მყარად მდგარიყო, არა აგრესიულად, მაგრამ ძლიერად", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

მისგან განსხვავებით, აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი აშკარად პოზიტიურად არის განწყობილი პუტინის მიმართ და მისთვის ქება-დიდებასაც არ იშურებს. მან პუტინს "ბარაკ ობამაზე ბევრად უკეთესი ლიდერიც" კი უწოდა. ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

თავად ბარაკ ობამამ კი 2013 წელს, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ "შეიძლება პუტინი ზოგჯერ საკლასო ოთახის ბოლოში მდგარ მოწყენილ ბავშვსაც კი ჰგავდეს" .

რაც შეეხება ევროპელ ლიდერებს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს პუტინთან ურთიერთობის განსაკუთრებული ისტორიები აქვს შემონახული. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია 2007 წელს ანგელა მერკელის ვიზიტი პუტინთან, სოჭის რეზიდენციაში, სადაც იცოდა რა პუტინმა მერკელის ძაღლებისადმი შიშის შესახებ, ოფიციალური საუბრის დაწყებამდე, პრესის თანდასწრებით მოუხმო თავის შავ ლაბრადორს და სიამოვნებით უყურებდა, როგორ ყნოსავდა მისი ძაღლი შიშისგან გაყინულ გერმანიის კანცლერს. ამ ფაქტზე მოგვიანებით მერკელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ვხვდები რატომაც გააკეთა  ეს - უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მამაკაცია. მას ეშინია საკუთარი სისუსტის. რუსეთს არაფერი აქვს, არც წარმატებული პოლიტიკა, არც ეკონომიკა. რაც მათ გააჩნიათ სულ ეს არის." ვლადიმირ პუტინი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად

პუტინის შეფასებებს არც საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იშურებს. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი საკმაოდ ჭკვიანი და ძლიერი პიროვნებაა, თუმცა არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და უნდა ვიცოდეთ, რომ ის შეპყრობილია სხვის საქმეებში ჩარევით.

"მე მჯერა რომ არასდროს არ უნდა გამოვამჟღავნოთ სისუსტე პრეზიდენტ პუტინთან, რადგან როდესაც სუსტები ვართ, ის ამას თავის სასიკეთოდ იყენებს... ის ძალიან ძლიერია პროპაგანდაში და ყველგან ერევა... ცდილობს ჩვენი დემოკრატიის ჩამოშლას, რადგან ფიქრობს, რომ ეს მისი ქვეყნისთვის კარგია", - განაცხადა მაკრონმა.

კონტინენტს გადაღმა, წამყვანი პოლიტიკოსების შეფასებებს რაც შეეხება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დადებითად აფასებს პუტინის პოლიტიკას, მას "საუკეთესო და ყველაზე ახლო მეგობარსაც" კი უწოდებს და აჯილდოებს ქვეყნის მეგობრობის მედლით, რომელიც ჩინეთის "უმაღლესი სახელმწფიო ტიტულია" და დღემდე არავისთვის მიუნიჭებიათ.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკვე 17 წელია არ კარგავს აქტუალურობას საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, რისი მიზეზიც ზოგის თვალში მისი ბრძნული მმართველობა და კეთილგონიერებაა, ზოგის თვალშიც კი საერთაშორისო სამართლის ყველანაირი ნორმების დარღვევა და ხელყოფა. აქედან რომელია რეალური მიზეზი ქართველებზე უკეთ ალბათ არავინ ვიცით.

იხილეთ ფოტოგალერეა: როგორ გაატარა ვლადიმირ პუტინმა შვებულება?

იხილეთ ასევე: ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე

მოამზადა გვანცა კაკაურიძემ