სკრიპალების საქმეზე აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა - კვირის პალიტრა

სკრიპალების საქმეზე აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა

დღეს, აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ სერგეი სკრიპალის საქმეზე რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ძალაში შევიდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულია სკრიპალის ინგლისში, ქალაქ სოლსბერიში მოწამვლით რუსეთმა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი გამოყენების აკრძალვის შესახებ აშშ-ს კანონი დაარღვია.

სანქციების პირველი ნაწილი, რომელიც დღეს ამოქმედდება, ითვალისწინებს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებისა და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტის აკრძალვას. ასევე იკრძალება რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის დარგში ტექნოლოგიებისა და კომპონენტების მიწოდება.

"ჩვენ რუსეთთან მიმართებაში სანქციებს ავამოქმედებთ რიგი მიმართულებებით, რომელიც ეხება რუსეთისთვის "სენსიტიური“ საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდების აკრძალვას. ამჟამად ამ საქონლის მიწოდებაზე ლიცენზიის გაცემა ინდივიდუალურად განიხილება. სანქციების დაწესების შემდეგ კი აიკრძალება ამგვარი ლიცენზიის გაცემა“, - განაცხადეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ სანქციების დაწესების დებულება ასევე ითვალისწინებს სამ თვეში უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას. კერძოდ, სანქციების მეორე ნაწილი ითვალისწინებს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას ან მათ შეჩერებას, ამერიკული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთიდან აშშ-ში პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიების თვითმფრინავების აშშ-ში დაშვების აკრძალვას.

იხილეთ ასევე: ქალიშვილის საბედისწერო სტუმრობა მამასთან - "ჯაშუშური საქმის" ახალი დეტალები