"ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ ოფიციალური პრესრელიზის გამოქვეყნება აკრძალა" - კვირის პალიტრა

"ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ ოფიციალური პრესრელიზის გამოქვეყნება აკრძალა"

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ პრესრელიზის გამოქვეყნება აკრძალა. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, განცხადებაში მაკკეინი, როგორც ვიეტნამის ომის ვეტერანი, გმირად არის მოხსენიებული.

აშშ-ს პრეზიდენტმა ოფიციალურ პრესრელიზს "ტვიტერი“ ამჯობინა და სამძიმრის პოსტი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მას თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება არ მოჰყოლია.

იმის მიუხედავად, რომ ტრამპი და მაკკეინი "რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები იყვნენ, ერთმანეთის მიმართ ძლიერ ანტიპატიას განიცდიდნენ და პოლიტიკურ საკითხებში ხშირად მოწინააღმდეგეები იყვნენ. კერძოდ, მაკკეინმა აშშ-ს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან ჰელსინკში გამართულ შეხვედრას შეცდომა უწოდა. ასევე ცნობილია, რომ მაკკეინის სურვილის მიხედვით, ტრამპს სენატორის დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაპატიჟებენ.

ჯონ მაკკეინს, რომელიც 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2 სექტემბერს დაკრძალავენ, მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდები ფინიკსსა და ვაშინგტონში გაიმართება.

იხილეთ ასევე: "ჯონს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს" - "თეთრი ტორნადოს" საოცარი ბიოგრაფია