სომხეთმა რუსეთიდან ღორისა და ფრინველის ხორცის შეტანა შეაჩერა - კვირის პალიტრა

სომხეთმა რუსეთიდან ღორისა და ფრინველის ხორცის შეტანა შეაჩერა

სომხეთმა რუსეთის ზოგიერთი რეგიონიდან ღორისა და ქათმის ხორცის შეტანა აფრიკული ჭირისა და ქათმის გრიპის თავიდან აცილების მიზნით შეაჩერა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვები პროდუქტების უვნებლობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში ასევე განმარტეს, რომ ქვეყანაში აკრძალეს რუსეთიდან ყველა სახის ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცის, ნედლეულის, ბუმბულის, საინკუბაციო კვერცხისა და სხვა პროდუქტების შეტანა.

"გადაწყვეტილება მიღებულია ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფრიკული ჭირისა და ფრინველის გრიპის შემთხვევები", - ნათქვამია სომხეთის აღნიშნული უწყების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"