ტრამპი: "ერდოღანით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "ერდოღანით ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რეჯეფ თაიფ ერდოღანით ძალიან იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

იმედგაცრუების მიზეზად დონალდ ტრამპმა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის სიტუაცია დაასახელა, რომელიც თურქეთშია დაკავებული.

"ერდოღანით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, ვნახოთ თუ რა მოხდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ამერიკელი პასტორის საქმეზე კომენტარის გაკეთებისას.

როგორც სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, თავიდან დონალდ ტრამპს საერთოდ არ სურდა კომენტარის გაკეთება თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების საკითხზე. ტრამპის თქმით, "მისთვის ეს მტკივნეული საკითხია".

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

შეგახსენებთ, პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. ამა წლის 7 მაისს ენდრიუ ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. 25 ივლისს მას შინაპატიმრობა მიესაჯა.

აშშ-ს ხელისუფლება თურქეთისგან ამერიკელი პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მ სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.

"ინტერპრესნიუსი"