ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლე პოლიციამ ეჭვმიტანილად ცნო - კვირის პალიტრა

ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლე პოლიციამ ეჭვმიტანილად ცნო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლე სარა ნეთანიაჰუ პოლიციამ ეჭვმიტანილად ცნო. საქმე ეხება ისრაელის პრემიერის გარემოცვის სატელეკომუნიკაციო კომპანია "ბეზეკის" ხელმძღვანელობასთან კორუფციულ კავშირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური გამოცემა "ჰაარეცი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა "ჰაარეცი" იუწყება, პოლიციაში განაცხადეს, რომ საქმე "4000"-ზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს იმის მტკიცებულებები აქვთ, რომ ნეთანიაჰუები და ასევე კომპანია "ბეზეკის" ხელმძღვანელობა სრულად აცნობიერებდნენ თავიანთი ქმედებების ეკონომიკურ მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ თვითონ ბენიამინ ნეთანიაჰუ საქმე "4000"-ზე მოწმის სტატუსით იყო დაკითხული.

აღნიშნული საქმის ფარგლებში სამართალდამცველები იმის მტკიცებულებას აგროვებენ, რომ ნეთანიაჰუს გარემოცვის წევრები სატელეკომუნიკაციო კომპანია "ბეზეკის" ინტერესებს ლობირებდნენ, ნაცვლად კი, კომპანიას თავის მედიასაშუალებებით ნეთანიაჰუს მთავრობის საქმიანობა კარგად უნდა გაეშუქებინა.