ევროკავშირის ახალი წევრები პასპორტებს არიგებენ - კვირის პალიტრა

ევროკავშირის ახალი წევრები პასპორტებს არიგებენ

მოლდავეთი, მაკედონია, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ ამ ქვეყნების 5 მლნ მოქალაქე მალე ევროპულ პასპორტს მიიღებს.

ამგვარ მოულოდნელ საჩუქარზე უარის თქმას არ აპირებენ არც ბულგარელები, რუმინელები და უნგრელები. თუმცა, შესაძლოა, ამას ბებერი ევროპის დედაქალაქების რისხვა მოჰყვეს.

კანონი, რომელიც 26 მაისს მიიღო უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერის, ვიქტორ ორბანის წინადადებითა და მემარჯვენეების მხარდაჭერით, რევანშის განზრახვას ან პროვოკაციას წააგავს. უნგრეთს ჯერაც არ შეხორცებია ის ჭრილობა, რომელიც 1920 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებით მიაყენეს - ქვეყანას ჩამოსცილდა ორი მესამედი ტერიტორია და დაახლოებით ნახევარი მოსახლეობა. კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, შეეხება 3,5 მლნ კაცს და ძალაში შევა გაისიდან.

ის ელდორადოს კარიბჭეს გაუხსნის 300000 უნგრული წარმოშობის სერბს ვოევოდინას ავტონომიურ მხარეში და უკრაინის 150000 მოქალაქეს, რომლებიც უნგრულ უმცირესობას ეკუთვნიან.

კანონი ევროკავშირის ორ სხვა ქვეყანასაც შეეხება - რუმინეთში 1,4 მლნ უნგრელი ცხოვრობს, სლოვაკეთში - 520000. სლოვაკეთის პარლამენტმა საპასუხოდ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ნებისმიერი, ვინც უნგრეთის მოქალაქეობის მიღების სურვილს გამოთქვამს, უნდა გამოეთხოვოს თავის სლოვაკურ პასპორტს.

უნგრეთის მაგალითით ბულგარეთმაც გაამარტივა მოქალაქეობის მიღების პროცედურა საზღვარგარეთ მცხოვრები 2,5 მლნ ეთნიკური ბულგარელისთვის. დღეს ისინი სახლობენ უკრაინაში, მოლდავეთში, ალბანეთში, საბერძნეთში, უპირველეს ყოვლისა კი მაკედონიასა და თურქეთში.

"ფიგარო", საფრანგეთი