რა გამოხმაურება მოჰყვა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერის მკვლელობას და ვის ადანაშაულებს რუსეთი?
01-09-2018
რა გამოხმაურება მოჰყვა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერის მკვლელობას და ვის ადანაშაულებს რუსეთი?
31 აგვისტოს უკრაინის არაღიარებულ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი აფეთქების შედეგად, "რესპუბლიკის" ე.წ. ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო გარდაიცვალა. აფეთქება დონეცკის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. აფეთქების შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი.

ალექსანდრე ზახარჩენკოს  მრჩევლის, ალექსანდრე კაზაკოვის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულნი არიან.

"რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული. საზღვრები დახურულია. ამ ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულნი არიან", - განაცხადა ალექსანდრე კაზაკოვმა რუსული ტოკ-შოუ 60 минут-ის ეთერში.

მომხდარი აფეთქების შედეგად, "რესპუბლიკის" ე.წ. ლიდერის გარდაცვალებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ არ შეასრულა მშვიდობის შესახებ შეთანხმება, გადაწყვიტეს სისხლისღვრა მოეწყოთ.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, "არსებობს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ლიდერის მკვლელობის უკან უკრაინა დგას".

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ალექსანდრე ზახარჩენკოს გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.
თუმცა, უარყოფს რუსეთის ბრალდებას, მკვლელობაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, ზახარჩენკოს მკვლელობაზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე "საერთაშორისო ტერორიზმის აქტის“ მუხლით აღძრა.

მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი: "ალექსანდრე ზახარჩენკო ჭეშმარიტი სახალხო ლიდერი იყო. ის მამაცი ადამიანი, დონბასის პატრიოტი იყო. თავისი მშობლიური მხარისთვის ურთულეს დროს მის დასაცავად დადგა, თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში, რომელსაც კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზახარჩენკოს მკვლელობის ორგანიზატორები დამსახურებულად დაისჯებიან.

"ალექსანდრე ზახარჩენკოს საზარელი მკვლელობა იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მათ, ვინც ტერორისა და ძალადობის გზა აირჩია, არ სურთ კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაჭრა, მათ არ სურთ რეალური დიალოგის წარმოება სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობასთან. ისინი სახიფათო ფსონს აკეთებენ სიტუაციის დესტაბილიზაციაზე, რათა დონბასის ხალხი დააჩოქონ. მათ ეს არ გამოუვათ", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით